ჩინეთმა აღიარა, რომ მის მიერ წარმოებული, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია და ეფექტის გასაზრდელად მათი კომბინირების შესაძლებლობა განიხილება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გაო ფუმ. მისი თქმით, განიხილება დოზების და აცრებს შორის შუალედის შეცვლის საკითხიც.
გაო ფუ სამსჯელოდ მიიჩნევს mRNA-ს ტექნოლოგიასაც, რომელიც ამერიკული Moderna-ს и Pfizer-ის ვაქცინების შექმნისას გამოიყენეს. მანამდე ჩინელი მაღალჩინოსანი ამ ტექნოლოგიას ეჭვქვეშ აყენებდა. ამერიკული ვაქცინების ეფექტიანობა 95%-ია.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთმა თავისი ვაქცინების დაბალი ეფექტიანობა აღიარა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მიერ 10 აპრილს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ჩინეთმა ამ ინფორმაციის გავრცელების დაბლოკვა დაიწყო, 11 აპრილს კი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა გაზეთმა Global Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გაო ფუ აცხადებს, რომ მისი კომენტარები არასწორად გაიგეს.
ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანიის Sinovac-ის ვაქცინა კოვიდინფექციისგან იცავს 50.4%-ით. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია.
კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, Sinopharm-ის ვაქცინის ეფექტიანობა დაახლოებით 79%-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი 50%-ია.
ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი და პირველი დოზით - დაახლოებით 65 მილიონი.
ჩინური წარმოების ვაქცინა შეძენილი აქვს არაერთ ქვეყანას, მათ შორის, თურქეთს, მექსიკას, ბრაზილიას, ჩილეს, ინდონეზიას, უნგრეთს, სერბეთსა და საქართველოს.
საქართველომ შეიძინა Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა, თუმცა მისი გამოყენება ჯერჯერობით არ დაუწყია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელოდებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინის ავტორიზაციას. გარდა ამისა, ჩინეთმა გადაწყვიტა საქართველოს საჩუქრად გადასცეს Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა.