Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს


როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას, სომხეთში ამან წარმოშვა ბობოქარი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მოსახლეობას პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ ნდობა დაუკარგა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ფაშინიანის მთავრობის რეიტინგი სექტემბრის შემდეგ 60%-დან 30%-მდე დაეცა.

ფაშინიანის მოკავშირეები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ შეცვალონ ქვეყნის საარჩევნო კოდექსი ივნისის რიგგარეშე არჩევნებამდე.

45 წლის ფაშინიანის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“ ცვლის კოდექსს, რომელიც მისმა წინამორბედმა, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო 2016 წელს - ორი წლით ადრე, სანამ ფაშინიანი „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

„ჩემმა ნაბიჯმა“ 2018 წლის რიგგარეშე არჩევნებში ხმების 70% მოაგროვა მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო მოძრაობა წამოიწყო. მან 132-ადგილიან პარლამენტში 88 ადგილი მოიპოვა და პარლამენტი მის კონტროლს დაექვემდებარა.

ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის დისკრედიტებულმა სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ კი 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა. რესპუბლიკური პარტია და ათზე მეტი პატარა პარტია პარლამენტის გარეთ დარჩნენ.

ომისშემდგომი კრიზისი

ომის დასრულების შემდეგ „ჩემი ნაბიჯი“ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და ამჟამად კოალიციას პარლამენტში 83 ადგილი აქვს.

საინტერესოა, რომ ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ეს თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენა. როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური პარტიის (IRI) გამოკითხვა ნათელყოფს, მხარდაჭერას კარგავენ ოპოზიციური „აყვავებული სომხეთი“ და „გაბრწყინებული სომხეთიც“.

მმართველი კოალიციისა და ორი ოპოზიციური პარტიის გარდა, პარლამენტში წარმოდგენილია რვა დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელთაგან ორი ხშირად უჭერს მხარს „ჩემს ნაბიჯს“.

პარლამენტის გარეთ დარჩენილმა სხვადასხვა ორიენტაციის 17-მა ოპოზიციურმა ჯგუფმა შექმნა ომისშემდგომი ტაქტიკური კოალიცია „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა“.

ეს არაა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული. მაგრამ მან მოაწყო დემონსტრაციები, რომლებმაც ათასობით ადამიანი გაიყვანა ქუჩებში. ისინი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ მთიანი ყარაბაღის ომთან დაკავშირებით წარმოებული პოლიტიკის გამო, რის შედეგადაც სომხეთმა თავის კონტროლქვეშ მყოფი დიდი ტერიტორიები დაკარგა.

საპროტესტო გამოსვლა ერევანში.
საპროტესტო გამოსვლა ერევანში.

ფაშინიანმა კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ ომში განცდილი მარცხი მისი წინამორბედების ბრალია, მათ შორის „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობისა“. მისი თქმით, მათ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული სომხეთის შეიარაღებული ძალები.

ერთმანეთისთვის ტალახის სროლისა და მოსახლეობის მხარდაჭერის კლების პირობებში ფაშინიანმა 18 მარტს გამოაცხადა, რომ მალე გადადგება, რათა გზა გაუხსნას შემდეგ რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც 20 ივნისს გაიმართება, ნაცვლად დაგეგმილი 2023 წლის დეკემბრისა.

როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - სომხეთის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლარისა მინასიანი ამბობს, სომხეთის პოლიტიკური კრიზისი იქცა „ღრმა სოციალურ კრიზისად, რაც ნიშნავს მთავრობის მიმართ ნდობის მნიშვნელოვან კლებას“ და „იმედგაცრუებას ოპოზიციით, რომელიც აშკარად აღვივებს ტრაგედიას“, რაც სომხეთის მიერ ბრძოლის ველზე დანაკარგებთანაა დაკავშირებული.

საარჩევნო კანონის ცვლილება

ერევნელი პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი ამბობს, რომ ახალ 2016 წლის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გარეშე არჩევნები ვერ გადაწყვეტს მზარდ კრიზისს.

„თუკი არ შევცვლით საარჩევნო კოდექსს, იგივე პარლამენტი გვექნება. გვექნება ახალარჩეული პარლმენტი და კვლავ იგივე მთავრობა გვეყოლება“, ამბობს გრიგორიანი, რომელიც ხელმძღვანელობს გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრს. „ისევ და ისევ მოვისმენთ ურთიერთბრალდებებს, როცა ერთი მხარე ამბობს, შენ მოღალატე ხარო, მეორე კი ამბობს, არა, შენ ხარ მოღალატეო“.

მისი თქმით, „ამიტომაც გვჭირდება გადასვლა მრავალპარტიულ სისტემაზე“, რათა შეიცვალოს პარლამენტი, რომელსაც დიდხანს ახასიათებდა ერთი პარტიის დომინირება და დაქსაქსული ოპოზიცია.

პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი გაგიკ წარუკიანი.
პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი გაგიკ წარუკიანი.

გრიგორიანის თქმით, პარლამენტში მეტი პატარა პარტიის მოხვედრა შესაძლებელს გახდის, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყოს ომისშემდგომ პერიოდში გაჩენილი მოსაზრებები.

„ჩემი ნაბიჯი“ პარლამენტში ძლიერ პოზიციას იმისთვის იყენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში გაატაროს ცვლილებები, რომელთა შესახებ დაპირებებსაც „ხავერდოვანი რევოლუციის“ პერიოდში აკეთებდა.

ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის ცვლილება გატარდა 1 აპრილს და გაუქმდა ე.წ. საოლქო სიებით კენჭისყრა ინდივიდუალური კანდიდატებისთვის.

ამ ცვლილების საფუძველზე სომხეთი შერეული საარჩევნო სისტემიდან სრულად პროპორციული რეპრეზენტაციის სისტემაზე გადადის.

ოპოზიცია ეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს და აცხადებს, რომ ახალი კანონმდებლობით რეგიონები არასათანადოდ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.

გასატარებელი ცვლილებები განსახილველად უკვე გაეგზავნა ვენეციის კომისიას. ცვლილებათა შორისაა საარჩევნო ბარიერის შემცირება 5%-დან 4%-მდე.

პარტია "გაბრწყინებული სომხეთის" ლიდერი ედმონ მანუკიანი.
პარტია "გაბრწყინებული სომხეთის" ლიდერი ედმონ მანუკიანი.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება საარჩევნო ბლოკებს. ორი პარტიისგან შემდგარი ბლოკისთვის საარჩევნო ბარიერი იქნება 8%, სამი პარტიისგან შემდგარისთვის - 9%, სამზე მეტისთვის კი - 10%.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ასეთმა ცვლილებებმა, რაც მრავალპარტიული სისტემისკენაა მიმართული, შესაძლოა აღადგინოს დემოკრატიის მიმართ მოსახლეობის რწმენა.

ცვლილებების ლოგიკა ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოტივაცია გაეზარდოთ, რომ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მკაფიოდ წარმოაჩინონ საკუთარი იდეოლოგია, რათა ამომრჩეველმა შეძლოს მათ პარტიულ პლატფორმებში გარკვევა.

სათამაშო მოედნის მომზადება

ფართოდ მიიჩნევა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელდა, უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას.

ჟურნალი The Economist-ი ამ პარტიაზე ასე წერდა 2007 წელს: „ტიპური პოსტსაბჭოთა ‘ძალაუფლების პარტია’, რომელიც ძირითადად შედგება მთავრობის მაღალი რანგის წევრების, საჯარო მოხელეებისა და მდიდარი ბიზნესმენებისგან, რომლებიც მთავრობასთან კავშირებზე არიან დამოკიდებული“.

როგორც „დემოკრატიული ინსტიტუციების მონიტორინგის“ კოორდინატორი ვარდინე გრიგორიანი ამბობს, რესპუბლიკურმა პარტიამ გააცნობიერა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არ აძლევდა მას საკმარის ადგილებს. ამიტომ შემოიღეს ე.წ. საოლქო სიები, რაც მაჟორიტარ კანდიდატს საშუალებას აძლევდა, მიღებული ხმები პირდაპირ საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის მოეპოვებინა. მისი თქმით, ამან რესპუბლიკურ პარტიას დამატებით 100 ათასი ხმის მოპოვება შეაძლებინა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა პარტიის რეიტინგი ბევრად უფრო ნაკლები იყო წინა წლებისაზე.

საპროტესტო გამოსვლები ერევანში. 2021 წ. 28 მარტი.
საპროტესტო გამოსვლები ერევანში. 2021 წ. 28 მარტი.

პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი იზიარებს ამ მოსაზრებას. მისი თქმით, საოლქო სიები დასავლური ნორმაა, რომელიც კარგად ფუნქციონირებს განვითარებულ და მდიდარ დემოკრატიებში.

„მაგრამ სომხეთი ღატაკი ქვეყანაა. ჩვენს ვითარებაში საოლქო სიების სისტემა ნიშნავდა იმათ მეტ გავლენას, ვისაც ფული და ადმინისტრაციული რესურსები მოეპოვება“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „საოლქო სიების გაუქმება აუცილებელი იყო იმ სერიოზული გავლენის შესამცირებლად, რაც ჩვენს ოლიგარქებს ჰქონდათ არჩევნების შედეგებზე თავიანთი რესურსებისა და ფულის, ასევე კორუფციის წყალობით“.

საოლქო სიები სომხეთში ასევე მოტივაციას უკარგავდა პატარა პოლიტიკურ პარტიებს, ვინაიდან, ამ სისტემით, პოლიტიკურ პარტიებს მინიმუმ ხუთი კანდიდატი უნდა ჰყოლოდათ სომხეთის 13-ვე რეგიონში და თითოეულს დიდი თანხა უნდა გადაეხადა დეპოზიტის სახით.

„ყველა პირობა იყო შექმნილი საიმისოდ, რომ ნაკლები ყოფილიყო პოლიტიკური მონაწილეობა, არჩევნებში ნაკლებ პარტიას მიეღო მონაწილეობა და მეტი პარტია შესულიყო ალიანსებში და ალიანსები შეექმნა პარლამენტში შესვლამდე“, ამბობს ვარდინე გრიგორიანი.

„ეს ალიანსები სინამდვილეში არ იყო მყარი. მათი უმრავლესობა პარლამენტში გაჩენილი პირველივე უთანხმოებისას იშლებოდა. ალიანსები ერთჯერადი შესაძლებლობა იყო საარჩევნო ბარიერის გადასალახად. მაგრამ ამის შემდეგ პარლამენტი აღარ ასახავდა ხალხის ნებას და იმას, რასაც მისცეს ხმა კენჭისყრაში“, შენიშნავს ის. „ამასობაში იმდენად დიდი ყურადღება ექცეოდა მაჟორიტარულ არჩევნებს, რომ საარჩევნო კამპანიაში შეჯიბრება ძალიან აპოლიტიკური გახდა. ფოკუსი არ იყო პარტიის პლატფორმაზე და წვლილი არ შეჰქონდა პარტიული სისტემის განვითარებაში, რომელიც ასე საჭიროა იმის საცდელად, რომ სომხეთში შეიქმნას და იმუშაოს საპარლამენტო სისტემამ“.

„ამიტომაც ვცდილობთ ამ პროცესის განვითარებას 2016 წლის შემდეგ“, დაასკვნის ვარდინე გრიგორიანი.

XS
SM
MD
LG