მდინარე ენგურის გადალახვის დროს გალის რაიონის მცხოვრებლების გარდაცვალების შესახებ „აფსნიპრესი“ ელაპარაკა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს რუსტამ ლატიპოვს. მისი ვერსიით, 6 აპრილს, დილის 05:00 საათზე გალის ოთხმა მცხოვრებმა გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გალის რაიონის სოფელ თაგილონთან გადაწყვიტა მდინარე ენგურის გადალახვა.
როგორც ლატიპოვი ჰყვება, მათ მდინარის სანაპიროს შორიახლოს დატოვეს ავტოსატრანსპორტო საშუალება და მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მცხოვრებისგან გაიგეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის უშიშროების ძალები იმ დროისთვის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, დაიწყეს მდინარე ენგურის გადალახვა.
ლატიპოვის აზრით, მათ ვერ გაითვალისწინეს მდინარეში წყლის დონე და დინებას ვერ გაუმკლავდნენ, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. დე ფაქტო უშიშროების მონაცემებით, დაახლოებით დილის 03:00 საათზე ენგურჰესიდან წყალი იყო გაშვებული, რაც გახდა მდინარეში წყლის დონის მომატების მიზეზი.
რუსტამ ლატიპოვი არ გამორიცხავს, რომ სასაზღვრო რეჟიმის მასობრივი დარღვევების და მდინარე ენგურზე გადასვლის მცდელობის მიზეზი (გამშვები პუნქტის გვერდის ავლით) არის ის, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ ადამიანებს უწევთ 5-დღიან სავალდებულო კარანტინში ყოფნა.
„გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვარი დაკეტილია, როდესაც გალის რაიონის მცხოვრებლებს ობიექტური მიზეზებით აუცილებლად სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლა, ჩვენ ვუშვებთ მათ ენგურის გამშვები პუნქტიდან, მაგრამ მათ იქ უწევთ კარანტინის გავლა“, - ამბობს ლატიპოვი. მან გაიხსენა, რომ საქართველოში გამოხატავენ პროტესტს და მოითხოვენ კარანტინის გაუქმებას. ლატიპოვის თქმით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიეპყროთ იმისკენ, რომ კარანტინის გავლის ვალდებულება ართულებს მოქალაქეების გადაადგილებას ე.წ. საზღვრის გავლით.
დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარე ენგურის სანაპიროზე იპოვეს ოთხი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.