„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ევროპარლამენტარების განცხადება ჯერჯერობით ევროკავშირის გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ მისი ნიველირება არ შეიძლება, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ გასათვალისწინებელია ისიც, ვინ მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს:
„ჩვენ ვხედავთ რომ ფაქტიურად მთელი იდეოლოგიური სპექტრია-მემარცხენე, მემარჯვენე, მწვანე. ამის თაობაზე ფაქტობრივად არსებობს გარკვეული კონსენსუსი ევროკავშირში, მიუხედავად იმ იდეოლოგიური განსხვავებებისა, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში. და ეს არის დამაფიქრებელი. რა თქმა უნდა წესით, ეს უნდა იყოს სერიოზული სიგნალი ქართული პოლიტიკური კლასისათვის და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის. იმიტომ რომ აქ კარგად არის აღნიშნული, რომ ხელისუფლებას აკისრია უპირველესი მოვალეობა. იმიტომ, რომ მე მგონი რომ ხელისუფლებამ სწორად ვერ გაიგო ეს მესიჯი და აქედან გამომდინარე არის მოწოდება, რომ იქნება სანამ არ გაფუჭებულა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, რაღაცნაირად იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც ელოდება ქართველი ამომრჩეველი და საერთაშორისო თანამეგობრობა“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „დილის საუბრებში“. მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში იგი საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესებას არ ელის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შეიცვალოს ტონი და გადაიხედოს ის დახმარებები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან იღებს:
„ჩვენ ფაქტიურად ამ განცხადებით სიგნალი მოგვცეს. აქ საუბარია კონკრეტულად 60 მილიონ ევროზე, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს შემოდგომაზე და შესაძლოა ვერ მიიღოს, თუ არ განხორციელდა, თუ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ამ საკითხზე და ეს უკვე ცვლის სიტუაციას იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში ერთიანი მიდგომა არ არის ამ ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით. ზოგს სურდა რომ ევროკავშირს გამოეჩინა მეტი ბრჭყალები და ეს ბრჭყალებიც გამოჩნდა, ზოგს მიაჩნდა, რომ ევროკავშირი განსხვავებით შეერთებული შტატებისგან არ არის ერთი სახელმწიფო და მას გაუჭირდება ერთიანი პოლიტიკის გატარება საქართველოს მიმართ,მაგრამ ეს ასე არ არის. ასე რომ მივიღეთ ის, რასაც ვხედავთ. ეს არ ნიშნავს ჯერ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ხვალ მიიღება, მაგრამ ასევე ძალიან არასწორი იქნება ამის ნიველირება, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან.“, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „დილის საუბრებში“.
1 აპრილს ევროპარლამენტართა ერთმა ჯგუფმა მიიღო ერთობლივი განცხადება, რომელშიც წუხილია გამოთქმული იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს.
„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, - ნათქვამია ერთობლივი განცხადების საბოლო ვარიანტში. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოში კარგად ცნობილი ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია) და პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა).