1991 წლის 9 აპრილს მათ ცხოვრებაში მთავარი ამბავი მოხდა - ამ დღეს, საქართველოს მაშინდელი უზენაესი საბჭოს და ახლანდელი პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ასლი დღემდე ყველა მათგანის კედელს ამშვენებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ დღეს წინ 31 მარტის რეფერენდუმი უძღოდა, რომლის მთავარი კითხვაც იყო სურდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობა - 96%-მა უპასუხა - დიახ.
ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებათ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა - აი, 11 ამბავი დღეზე, რომელიც მათი ცხოვრების დაუვიწყარ მოვლენად იქცა.