ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ 28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დასრულებულა და შემაჯამებელი დოკუმენტი მზად არ არის.
განცხადება ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 29 მარტს გაავრცელა:
„ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს დღეს უნდა გახდეს ცნობილი აღნიშნული საქმის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს.
გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 26 მარტს განაცხადა, რომ 29 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში ერთობლივი კომისია შედგებოდა, სადაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იქნებოდა განხილული:
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხარო უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენი მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ გაიზრდება მნიშვნელოვნად და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, - განაცხადა 26 მარტს ეკატერინე ტიკარაძემ.
ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.