Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pfizer-ით აცრაზე რეგისტრაცია 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში შემოტანილი ახალი ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ასაცრელად დარეგისტრირება შეუძლიათ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც.

ამ ეტაპზე სარეგისტრაციო ვებგვერდზე - booking.moh.gov.ge ვაქცინის არჩევა შეუძლებელია.

Pfizer-ით აცრა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იქნება შესაძლებელი. თბილისში ბოკერიას სახელობის კლინიკაში, კავკასიის მედიცინის ცენტრში, ამტელ კლინიკასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში; აჭარაში - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. უშუალოდ აცრა სამშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყება.

29 500 დოზა ვაქცინა 14 750 ადამიანის საკმარისი დოზაა.

დღეს დილით საქართველოში წუხელ ჩამოვიდა ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 29 500 დოზა. ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია. Pfizer-ის ვაქცინას -80 გრადუსზე შენახვა სჭირდება, ამიტომ აცრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც შესაბამისი პირობები აქვთ.

ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულია 26-მდე მრავალპროფილიანი კლინიკა. აცრის შემდეგ დაყოვნების და დაკვირვების დრო 30 წუთიდან 45 წუთამდე გაიზარდა.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ დრომდე აცრილია 4048. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

XS
SM
MD
LG