Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: ეს დრო არ იყო დაკარგული ტყუილად


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციასთან მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ტყუილად არ დაკარგულა დრო, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია.

„რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელმა აქ თქვა, რომ ყველაფერი გაუარესებისკენ მიდიოდა და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა შეთანხმებაო, ხომ მოისმინეთ ეს განცხადება? მაინტერესებს, გახსოვთ თუ არა, ზუსტად იგივე ადამიანების შეფასებები, აქ როდესაც ბრიფინგები იყო, ყველა მათგანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები წინ მიდის, პოზიციები დაახლოებულიაო. ისინი გამოთქვამდნენ პოზიტიურ მოლოდინებს შეთანხმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს, როცა მათ თქვეს, რომ ვერაფერზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე ხისტი პოზიცია ჰქონდაო, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სანდო იყო ეს განცხადებები. ჩვენ ასეთი არათანმიმდევრული განცხადებები არ გაგვიკეთებია. ვიმეორებ დანიელსონის შეფასებას, რომ ეს პროცესი, ეს დრო არ იყო დაკარგული ტყუილად, საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია და თუ ოპოზიცია მომავალში პრაგმატულად, სამართლიანად შეხედავს პროცესს და წინა პლანზე დააყენებს იმას, რაც საქართველოს და ხალხს სჭირდება და არა იმას, რაც ერთ და ორ პარტიას აინტერესებს, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევდადია", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის სპიკერი დიალოგის გაგრძელების საკითხზე ლაპარაკობს.

„საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და მიიყვანოს ბოლომდე. ასეთი პლატფორმა შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაცია, შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პლატფორმა, შეიძლება იყოს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, - თქვა თალაკვაძემ.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტრიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

XS
SM
MD
LG