საქართველოს კომუნიკაციების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე დაამტკიცა.
კომისიის წევრად პირს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს. იმედაძეს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, კუკულაძეს კი 79-მა.
ახლად არჩეული წევრები ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს შეცვლიან. ახალი წევრები მანამდეც მუშაობდნენ კომუნიკაციების კომისიაში.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია. კომისიის წევრი ყოველწლიურად, საშუალოდ, 190 ათას ლარზე მეტ ანაზღაურებას იღებს. უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს კომისიის თავმჯდომარეს.