პარლამენტის წევრისა და პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ვერ დაიჯერებს, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა. ჩოგბურთელზე, რომლის წინააღმდეგაც ცოლზე ძალადობის მუხლით გამოძიებაა დაწყებული, დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.
"დიდი მადლობა მსურს ერთმა ქართველმა ერთ ქართველს ვუთხრა, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი მან ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში. მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა - როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებლი ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი. ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა. პირიქით, ვნახეთ კიდეც, რომ მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და მისი წარმატება მიულოცა თავის მცირეწლოვან შვილს. ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულები ვიყავით", - თქვა ელისაშვილმა.
13 მარტს ბასილაშვილი დოჰის ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ჩემპიონატის განმავლობაში ცნობილი ჩოგბურთელები რობერტო ბაუტისტა აგუტი და როჯერ ფედერერი დაამარცხა. მისი გამარჯვების პარალელურად საქართველოში კვლავ აქტუალური გახდა მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მისი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები კი გაძლიერებულ სიძულვილის კამპანიაზე საუბრობდნენ.
2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.
განხილვაზე ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.