პარლამენტის დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერი განცხადება გააჟღერა. ბასილაშვილს, რომელიც ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული, დეპუტატმა გამარჯვება მიულოცა.
"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ერთ თემას. ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას და მის მშობლებს ამ გამარჯვებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს.
ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, რომელიც მე ვიცი ხასიათი იმ კაცის. ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ მოწოდებით ახალ რეისს გააკეთებს და ახალი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს.
რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ასეთი ორგანო ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთოდ აქცევს. ასეთი ენერგიის მქონეა ეს კაცი", - თქვა კახაძემ.
13 მარტს ბასილაშვილი დოჰის ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ჩემპიონატის განმავლობაში ცნობილი ჩოგბურთელები რობერტო ბაუტისტა აგუტი და როჯერ ფედერერი დაამარცხა. მისი გამარჯვების პარალელურად საქართველოში კვლავ აქტუალური გახდა მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მისი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები კი გაძლიერებულ სიძულვილის კამპანიაზე საუბრობდნენ.
2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.
განხილვაზე ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.