საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ ქვეყანაში არსებული 43 000 დოზა ვაქცინის ათვისება სწრაფად და ეფექტურად არ მოხდა, საერთაშორისო პარტნიორებთან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას დამატებითი დოზები სჭირდება და იგი მზადაა იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამა ფართო მოცვით განახორციელოს. ტელეკომპანია „იმედთან" საუბარში თამარ გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის აქტივობა და ტემპი მომდევნო დღეებში გაიზრდება:
„ჩვენთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან იმედიანი დღეა, რადგან დღეიდან ჩვენ უკვე მივდივართ პანდემიის დასრულებისკენ იმ ყველაზე ეფექტური და ქმედითი მექანიზმით, რომლის გარეშეც რთული წარმოსადგენია, რომ გლობალური პანდემია დაძლიოს კაცობრიობამ. ამდენად, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ამ დღეს ექნება შემდეგი კიდევ უფრო აქტიური და წარმატებული გაგრძელება, რაც მიგვიყვანს ჩვენი ვაქცინაციის პროგრამის დასრულებისკენ 2021 წლის ბოლოსკენ. რეალურად, ჩვენთვის ვაქცინა ხელშესახები გახდა შაბათს. შაბათიდან დღემდე 3500 ადამიანი არის რიგში იმისთვის, რომ ვაქცინა გაიკეთოს სამედიცინო პერსონალმა. 500-მდე ადამიანმა დღევანდელი 5 საათის მდგომარეობით უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია. ჯერ ძალიან მცირე დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს, მაგრამ მომდევნო დღეებში ვფიქრობთ, რომ აქტივობა უნდა იყოს უფრო მაღალი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში დღეს, 15 მარტს, დაიწყო კორონავირუსზე ვაქცინაცია. ვაქცინის პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში უკვე გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ჯერ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია. ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის იქნება შესაძლებელი ქვეყანაში საჭირო დოზების შემოტანა.