ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს იმ უნდობლობის გამო, რამაც გავლენა მოახდინა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესზე და გაზარდა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში, - ამის შესახებ ნათქვამია 16 მარტისთვის დაგეგმილი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის წინ შემუშავებული ევროკავშირის ოფიციალური პოზიციის პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.
„[ევროკავშირი] ხაზს უსვამს სრულად ფუნქციური წარმომადგენლობითი პარლამენტის აუცილებლობას, როგორც პოლიტიკური დებატების ცენტრალურ ფორუმს, რომელშიც ყველა არჩეული პარტია მუშაობს რეფორმების განვითარებაზე; აღნიშნავს, რომ ეს პოლარიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლტიკური სფეროთი და საგანგაშო ტენდენციებს ამჟღავნებს მთელ ქართულ საზოგადოებაში. არსებულ პოლიტიკური ვითარებაში დაძაბულობის განმუხტვისა და საქართველოს დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისათვის, მოუწოდებს ფართო პოლიტიკური ერთიანობისა და დიალოგის, ასევე პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისაგან თავის შეკავებისკენ. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს საინფორმაციო საშუალებების თავისუფლება, პლურალიზმი და აზრის თავისუფალი გამოხატვა, შეამციროს არსებული პოლარიზაცია და განაგრძოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება“, - აღნიშნულია ევროკავშირის პოზიციაში.
16 მარტს ბრიუსელში გაიმართება ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა ასოცირების ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
ევროკავშირში შემუშავებული დოკუმენტის პროექტში გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა არ შეესაბამებოდა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას და ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს საქართველოს, შექმნას სპეციალური ორგანო სისხლის სამართლის კორუფციული დანაშაულების გამოძიების მიზნით.
„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს და უკეთ გამოიძიოს კორუფციული, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციული დანაშაულები და შექმნას დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური პოზიციის პროექტში.
დოკუმენტში ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, შეახსენებს საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირის მიერ 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტისა და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზების შესახებ.
ევროკავშირი ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიას ჯანადაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ახლახან დაწყებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ემსახურება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებ ფასებში შეძენას საერთო კეთილდღეობისათვის.