15 არასამთავრობო ორგანიზაცია "TV პირველის" ეთერით გავრცელებული ჩანაწერის გამო მასში მონაწილე ერთ-ერთი პირისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან განმარტებებს მოითხოვს. ღარიბაშვილი ამ საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
"ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნას შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მოთხოვნასაც აყენებენ:
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. გავრცელებული ჩანაწერი და მასში პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობა უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი";
"მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირებელთა/ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად".
განცხადებას უერთდებიან:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო; საზოგადოება (ISFED);
- საზოგადოება და ბანკები;
- მწვანე ალტერნატივა;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG);
- ცენტრი ემპათია;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- მედიაკლუბი;
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC).
დღეს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადებით ეჭქვეშ არ დამდგარა "TV პირველის" ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერში მონაწილე პირების - ახლა მოქმედი პრემიერ ღარიბაშვილის; ბიძინა ივანიშვილის შვილის - ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის - ანზორ ჩუბინიძის - ვინაობა. პარტიაში თქვეს, რომ ეს იყო 2010-2011 წელს ფარულად ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია.
"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.
ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.