Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში შეხვედრა დასრულდა - იმედს გამოთქვამენ რომ ახალგორელებისთვის მიმოსვლა გამარტივდება


ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრაა დასრულდა სოფელ ერგნეთში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

„ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და, რა თქმა უნდა, გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევეში აუცილებელია გამოყენებული იყოს ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდება თავისს ოჯახებს“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ და დაამატა, - „ამ საკითხზე საუბარი რაღაცის სანაცვლოდ ნამდვილად არ ყოფილა“.

როგორც ანთაძე ამბობს, დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია არის ის, რომ ამაზე კონსულტაციებს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. „რომ არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინი, კონკრეტული თარიღის დასახელება ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად. შედეგებზე საუბარი უპრიანია, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს და როდესაც საერთოდ აღმოიფხვრება უკანონო დაკავებების მახინჯი პრაქტიკა“, - თქვა ანთაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

როგორც ირაკლი ანთაძე ამბობს, ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე დისკუსია შედგა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის ის, რომ ეს საგუშაგო არის სტანდარტული და მისი მთავარი დანიშნულება უსაფრთხოების მხარდაჭერაა.

ერგნეთში ასევე დაისვა უკანონო წვრთნების საკითხი. „შეხვედრის მიმდინარეობის დროს ისმოდა აფეთქებების ხმა. ეს მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სოფლების მოსახლეობას“, - აღნიშნა ანთაძემ. მისი შეფასებით, ამ საკითხზე დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია არ იყო რაციონალური.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტს წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების საკითხი.

გარდა ამისა, ანთაძე დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მდგომარეობით. „მას ჰქონდა საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემები, რაც ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილია“, - თქვა მან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააყენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისის გაწევის საკითხი.

„მათგან პასუხად მივიღეთ ის, რომ ერთი თვის წინ ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსვლის პროცედურები შეამსუბუქეს, რომლის თანახმად, ცხინვალის ნაცვლად ახალგორში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოქალაქეების გადაადგილების საკითხზე. ჯერჯერობით პრაქტიკაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ გამომდინარე დღევანდელი შეხვედრის პათოსიდან, შესაძლოა, ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს ბევრად უფრო მარტივად მიეცეთ გადმოსვლის საშუალება, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით“, - თქვა ზვიად ზვიადაძემ.

დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილზე ადამიანებისთვის სამედიცინო სერვისების გაწევის საკითხზე.

„რჩება მხოლოდ „წითელი ჯვრის საზოგადოება“, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად ვერ მოიცავს... თან არის სპეციფიკური მექანიზმი და სახელმწიფოს ნაკლებად აქვს შემხებლობა. მაქსიმალურად მიმდინარეობს მუშაობა ის ხალხი გადმოვიყვანოთ, ვისაც სჭირდება სამედიცინო სერვისის მიწოდება, ხოლო მათ, ვისაც ადგილზე სჭირდება დახმარება, იქ მივაწოდოთ სერვისი“, - თქვა ზვიადაძემ. მისი ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ძალიან დიდი დახმარება მიიღეს რუსეთის ფედერაციისგან. ამასთან, ამბობენ,რ ომ შემცირდა კოვიდინფიცირებულების რაოდენობა.

ზვიადაძე განსაკუთრებით გამოყოფს ახალგორში მცხოვრებთა მდგომარეობას. „ეს ადამიანები იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში. არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ ოსი, თვითონ ახალგორის რაიონი არის მიტოვებული და მცხოვრებლები ვერ იღებენ ელემენტარულ სამედიცინო სერვისებს“, - თქვა მან.

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შეხვედრის მონაწილეები სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს მიაწვდიან შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას.

ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში არიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, რამაზ ბეღელური და ლაშა ხეთერელი.

ერგნეთში მორიგი შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG