დღეს, 28 თებერვალს საქართველოს ეწვევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად.
მისი ეს ვიზიტი ნაწილია ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში ტურნესი, რომელიც მან მოლდოვაში დაიწყო. საქართველოს გარდა შარლ მიშელი უკრაინას ეწვევა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერის გამოხატულებაა.
„შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებული დატვირთვა გამომდინარეობს იქიდან, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტების დღის წესრიგშია ორმხრივი ურთიერთობები, COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.