"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც რამდენიმე დღეა ციხეშია, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს. მისი თქმით, ახლა თბილისში დგას "მებრძოლი საქართველო".
რადიო თავისუფლება მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით თანამებრძოლებს მეგობრებს და თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ მანდ ხართ, მიხარია, რომ არ ნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა.
ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები იბრძვიან. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა და იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ შემართებას მატებს.
ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია მშვიობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლიტპოლარიზაციის პროცესი - გვქონდეს უკეთესი საქართველო, თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში მოწინააღმდეგის ყველა გეგმას ჩაშლის.
დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავისფულებას.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის ძალისმიერი შტურმის დროს გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისის სახელმწიფოს გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოს მიმართ.
2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად, ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვებისა და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან ქართული სახელმწიფოს იდეას.
ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მას, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, კრიზისში ახალი პასუხების პოვნით".
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზეც გაკეთდა. ახლა აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მიემართებიან.
23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. გასული ორი დღის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.
საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.