Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის პრეზიდენტი ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას საქართველოში საშუამავლო ძალისხმევისთვის


ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა

ლიეტუვა მზად არის საშუამავლო ძალისხმევისთვის, რათა მოიძებნოს საქართველოში ყველა მხარეს შორის დიალოგის და კონსენსუსის შესაძლებლობა. ამის შესახებ საუბარია ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებაში, რომელიც 25 თებერვალს გამოაქვეყნა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან მეასე წლისთავის გამო.

ნაუსედა აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ ბევრი შეშფოთება გამოიწვია. ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს მხოლოდ მხარეთა დიალოგის შედეგად. გიტანას ნაუსედა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციური გეგმები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთობას და შეთანხმებულ მოქმედებას, მათ შორის, ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის კონსტრუქციულ და უწყვეტ დიალოგს.

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშიც. ისინი ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ თავშეკავების, სიტუაციის დეესკალაციის და საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესთა შესაბამისი კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისკენ. ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ კანონის უზენაესობის და კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური დიალოგის გადამწყვეტ მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეთა არჩევანს, საკუთარი ქვეყნის მომავალი დაუკავშირონ დემოკრატიულ, ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას და სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. მინისტრების განცხადებით, ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

მელიას დაპატიმრების შემდეგ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები განაახლეს და მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვადამდელ არჩევნებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მელიამ გირაოს გადაუხდელობით პატიმრობა თავად აირჩია და მის მიმართ მხოლოდ კანონი აღსრულდა. მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ.

XS
SM
MD
LG