საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გუშინ, 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია არ ხდებოდა, სამართალდამცავებმა "წიწაკის სპრეი" კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენეს. საუბარია პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს გამოყენებულ ღონისძიებაზე.
"დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვიდეოკადრებში, რომელიც ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შიდა სივრცეს ასახავდა, ჩანს, რომ სპრეის სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეებისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით. ხსნარის გამოყენების შემდეგ მოქალაქეებს დაეწყოთ ხველა და ცდილობდნენ მინის ჩამსხვრევას.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.
შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.
საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.