"ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის და უბედურების ამ მძიმე ხვედრისგან", - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.
"საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით, ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი.
მე მინდა, გვესმოდეს, თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე, რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას, რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს - ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილმა", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვლის, რომ ივანიშვილის გეგმა ქვეყნის მოსახლეობისგან დაცლაა და ამის დასტურად გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას ასახელებს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.