Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრები რუსეთისთვის ახალ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, რუსეთი "იმედგაცრუებულია"


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეფ ბორელი. 2021 წლის 22 თებერვალი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეფ ბორელი. 2021 წლის 22 თებერვალი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 22 თებერვალს მიაღწიეს შეთანხმებას, რუსეთის „კონკრეტულ პირებს“ ახალი სანქციები დაუწესონ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების და მისი მოკავშირეების ჩახშობის გამო, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა.

ბრიუსელში შეკრებილები, 27 სახელმწიფოს მინისტრები კონკრეტულ პირებს დაუწესებენ სანქციებს, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის აკრძალვის სახით. სანქციები იგეგმებოდა ბლოკის მიერ ახლად შექმნილი სანქციების ინსტრუმენტის ჩარჩოებში, რათა დაისაჯონ ადამიანის უფლებების დამრღვევები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "იედგაცრუებულია" ბლოკის ქმედლებით და დაადანაშაულა ეროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყება "რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი უკანონო შეზღუდვების დაწესებისთვის" მოგონილი მიზეზის გამოყენებაში.

მოსკოვმა ასევე უარყო როგორც "კატეგორიულად მიუღებელი" მოთხოვნა გარედან რუსეთის სასამართლოს მიერ გასამართლებული რუსეთის მოქალაქის განთავისუფლების შესახებ. ნავალნი და დასავლეთის მთავრობები თვლიან, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

სააგენტოებს ანონიმური დიპლომატიური წყაროების ნათქვამი მოჰყავდათ, რომ მინისტრები 22 თებერვალს უკვე შეთანხმდნენ დახურულ კარს მიღმა მაღალი რანგის იმ რუსი მოხელეების დასჯის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული არიან ნავალნის საქმესთან.

როიტერსის სააგენტოს ერთმა დიპლომატმა უთხრა, რომ ერთ-ერთი სიაში მყოფთაგანია ალექსანდრ ბისტრიკინი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს სისხლის სამართლის საქმეებს და პირდაპირ აბარებს ანგარიშს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ლიდერი, ჟოზეფ ბორელი, რომლის წარუმეტებელმა მოგზაურობამ რუსეთში ორი კვირის წინ გამოააშკარავა რუსეთის და ევროკავშირის დაძაბულობა, წარადგენს კონკრეტულ პირებს, რომლებიც გახდებიან სანქციების ობიექტები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას განიარაღების სფეროში ჩაწერილი ვიდეო მიმართვა გაუგზავნგა 22 თებერვალს და დაგმო, როგორც თვითონ თქვა, რუსეთის მიერ „ქიმიური იარაღის“ გამოყენება და გამოვიდა მოწოდებით გაეროს მიმართ, აკრძალოს ასეთი ნივთიერებები.

შეხვედრამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, მწვანე შუქი მისცენ სანქციებს.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში ყოფნა განუსაზღვრა.

სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი.

16 თებერვალს, სტრასბურგის სასამართლომ, სადაც ნავალნის საჩივარი აქვს შეტანილი, რეგლამენტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და რუსეთს მოთხოვა პატიმრობიდან მისი გათავისუფლება. ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ალექსეი ნავალნის საფრთხე ემუქრება. რუსეთმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა.

20 თებერვალს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა.

XS
SM
MD
LG