ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიუღებელს უწოდებს ლიეტუველი დეპუტატის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით:
„უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის განცხადება - ბოლოს როგორც აღმოჩნდა, მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო - "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ". აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამისათვის არ ვართ განწყობილები და არასდროს განვეწყობით ამგვარად... ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს. ამას ქართველი, საქართველოს მოსახლეობა და საქართველო არასდროს შეეგუება და აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი ფრაზები ნებისმიერი ადამიანის განცხადებაში. მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა კონკრეტული ადამიანების და, განსაკუთრებით, კონკრეტულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიმართ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ფრაქციის სხდომაზე, რომელზეც მინისტრთა ახალი კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ.
„თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ“, - ასე ჟღერდა ფრაზა, რომელიც ჟიგიმანტას პავილიონისმა წარმოთქვა თბილისში ვიზიტის დროს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში იგი მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.