Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა პრემიერობის კანდიდატად


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება. პარტიის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი.

„ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს, ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ეს არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა. პირველ რიგში, ეს არის კოვიდპანდემია, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ყველანი ვართ მოწოდებულები, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები და რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურობის კანდიდატად დასახელობის შემდეგ.

ღარიბაშვილს პრემიერის თანამდებობა ეკავა 2013-2015 წლებში. გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში კი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ დღეს, 18 თებერვალს, მიიღო.

გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად დაასახელ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

XS
SM
MD
LG