Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიდო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა


საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელიც 19 თებერვალს ბაქოში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის Twitter-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო „ტრენდი“ იუწყება.

სააგენტოს თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს ვიზიტი ბაქოში 18 თებერვალს იყო დაგეგმილი, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს აზერბაიჯანის დედაქალაქში 19 თებერვალს ელოდნენ.

როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებული გარემოებების გამო, ვიზიტის გამხორციელება ვეღარ მოხერხდა, პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ კი ერთობლივად იქნა მიღებულ გადაწყვეტილება შეხვედრის გადადების თაობაზე.

დღეს, 18 თებერვალს, თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ამ დროისათვის მინისტრთა კაბინეტი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მოვალეობის დროებით შესრულებლად ითვლება.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა პირველად 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა. ხელმოწერილ იქნა ტრაბზონის დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებდა მხარეთა შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბაქოში 19 თებერვალს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეცხრე სამმხრივი შეხვედრის გამართვა იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG