Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი: ფაქტობრივად ეს არის რევოლუციური სცენარით განვითარება


გიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გამოიწვია იმან, რომ ის არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ყველამ ვიცით, რომ თავიდან გამოტანილი იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს (პირობითად დავარქვათ), როდესაც განიხილებოდა იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. ამ საკითხს, სანამ გადაწყვეტს შესთავაზეს ხელზე სამაჯურის გაკეთება და გირაოს გადახდა. მეტი არაფერი შეთავაზება არ იყო და მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს", - ამბობს ვოლსკი.

დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი მოქმედება აჩენს ეჭვს, რომ ის გამიზნულად მოქმედებს, რადგან მან წარმატებას ვერ მიაღწია. „სხვა არაფერი რჩებათ პასუხად", - აღნიშნავს ვოლსკი და ამატებს, - „ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური სცენარით განვითარება".

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო.

ნიკა მელია ამჟამად ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ის არ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG