Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურ ლანდშაფტზე იქონიებს გავლენას


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურის მატებაა. ის ამგვარად გაემოეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას შეეხებოდა.

„ბოლო დღეებში ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ უშუალოდ საქმეზე, რადგან ეს სასამართლოში მიმდინარე საქმეა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს. ვიტყოდი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ლანდშაფტში ვნახეთ ტემპერატურის მკვეთრი მატება. ვხედავ ხიფათს, რომ დღევანდელი მოვლენების და ტრაექტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, პრობლემის გაღრმავებისკენ მივდივართ. ვშიშობ, ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე, რომელიც შესაძლოა დადგეს ნიკა მელიას დაკავებით, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ პროცესს ექნება გვერდითი ეფექტები.

„რთულია გამოცნობა, მაგრამ ვშიშობ, იქნება უფრო დიდი გვერდითი ეფექტები, რასაც სხვადასხვა მხარის რეაქციების მიხედვით ვაკვირდებით. ეს გაართულებს დიალოგთან დაბრუნებას და უფრო გაართულებს საერთო საფუძვლის მოძებნას. ეს ჩემი მოსაზრებაა ამ საკითხზე. მე არ მაქვს ბროლის ბურთი და ვიმედოვნოთ, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება. ამ საკითხზე იმდენჯერ ვისაუბრე, არ მგონია, რაიმე განსხვავებული ვთქვა. არ გამოვრიცხავ, რომ შემდგომ დღეებში სიახლით დავბრუნდე, თუმცა დღეისთვის საკმარისად ვისაუბრე ამ თემაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

XS
SM
MD
LG