Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ მოუხსნას ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. განცხადების თანახმად, იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი ჯერ კომიტეტების, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

ამ წუთებში მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც განიხილება გენერალური პროკურორის მიმართვა, რომლითაც პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. მომხსენებლად პარლამენტში მივლენილია გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს“.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამორთმეული აქვს. 2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

XS
SM
MD
LG