საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 11 თებერვალს მიღებული განჩინება დღეს, 12 თებერვალს გამოქვეყნდა. ის 12 პუნქტისგან შედგება და მეორე საკითხი უკავშირდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
სინოდმა ვაქცინის შესახებ რამდენიმე კითხვას სვამს და აცხადებს, რომ ვერ აიღებს პასუხიმგებლობას არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში.
„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ“, - ნათქვამია განჩინებაში.
სინოდი შენიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.
განჩინებაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:
ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?
როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?
არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?
ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?
„საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია განჩინებაში.