Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ მზად არის უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს 2024 წლის არჩევნებისთვის


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სხდომის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომ საარჩევნო რეფორმამ სტარტი დღეს, 8 დეკემბერს, აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრებით.

მდინარაძე ეხმაურება პარტია „გირჩის“ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. „ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა - თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე“, ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ“, - ამბობს მდინარაძე და აზუსტებს, რომ მათ ეს თქვეს, როგორც საჯარო, ასევე, პირად საუბარში.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „გირჩისგან" განსხვავებით გაუგებარია, ანალოგიურ საკითხზე რა პოზიცია აქვთ დანარჩენ პარტიებს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის „ქართულ ოცნებას“ ისედაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების (მანდატების) არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც.

მემორანდუმში, რომელსაც ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ გარდა პარტია „მოქალაქეები“ აწერენ ხელს, ნათქვამია: „მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. იქვე აღნიშნულია, რომ ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში“.

„გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა 6 თებერვალს „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ მმართველ პარტიას შესთავაზა „სასწაული პირობა“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს. თავის მხრივ „გირჩი“ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ამ საკითხის გადასაწყვეტად ოპოზიციონერი კოლეგები სრული შემადგენლობით შევიდნენ პარლამენტში. თუკი „გირჩი“ კოლეგების დარწმუნებას ვერ შეძლებს, მზად არის თავად შევიდეს პარლამენტში.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

XS
SM
MD
LG