Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მანდატის შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც დეპუტატის მანდატის გაუქმების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, მან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა, აქ იმუშავეო“, – თქვა ბათუმში მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დოკუმენტაციის შეტანისას.

2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: „რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს“.

XS
SM
MD
LG