31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა რეჟისორი სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების“ (Taming the Garden) მსოფლიო პრემიერა. 2 თებერვალს კი ფილმი ფესტივალის ფარგლებში ხელმეორედ აჩვენეს.
„მოთვინიერება“ კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition) იყო წარმოდგენილი.
სალომე ჯაშის ფილმს პრემიერის შემდეგ არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ და ევროპულ პრესაში.
„სქრინ დეილი“, მაგალითად, წერს, რომ კაცობრიობის სურვილი გააკონტროლოს ბუნებრივი სამყარო - ძალიან კარგად არის გადმოცემული ფილმში „მოთვინიერება“ – „ფილმის რეჟისორი სალომე ჯაში მშვიდი, დოკუმენტური თხრობით გვიყვება თუ როგორ ითხრება ასწლოვანი ხეები და პატარა სოფლებიდან მდიდარი ადამიანის კერძო ბაღში მიდის. ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი დამაინტრიგებელი ელემენტი სწორედ სიღარიბესა და პრივილეგიების შეჯახებაა“.
გამოცემის სიტყვებით, ჯაშის ფილმი ”სიმშვიდის ნათელი შეგრძნებით“ იწყება იმ ადგილიდან, სადაც თითქოს დრო გაჩერებულია, მერე კი „მაყურებელი ამ სიმშვიდის დარღვევის მოწმე ხდება“.
მხოლოდ მას მერე, რაც ხალხი „ივანიშვილის“ სახელს ახსენებს, ნათელი ხდება, რომ ამ ხეებში ფულს იხდის და მიაქვს ქართველი მილიარდერი, ყოფილ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მას ეს ხეები საკუთარ მამულში გაშენებული დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად სჭირდება - წერს გამოცემა.
„ხეები ქრება - მათი ადგილი კი ბრძოლის ველს ჰგავს“ - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა,,The film stage’’ აღნიშნავს, რომ სალომე ჯაშის ფილმში ჩანს უხილავი, ძლიერი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ხეების ამოთხრასა და სხვაგან გადარგვაზე, და როგორც ირკვევა, ეს უხილავი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებაც დაახლოებით 6 მილიარდი დოლარია.
”მდიდარი კაცის ჰობი იწვევს იმას, რომ ახლა ამ სოფლებში კარგად მოასფალტებული გზებია, მაგრამ ბუნება განადგურებულია - ეს კი სალომე ჯაშის ფილმში ნაჩვენებია ოპერატორ გოგა დევდარიანის განსაცვიფრებელი სცენებით“.
ამ სტატიაში კი ავტორი წერს, რომ ჯაში „დამკვირვებელი“ კინორეჟისორია. სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ ფილმის პირველ შვიდ წუთში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი და შემდეგაც, ამბავი მოთხრობილია ივანიშვილის მიერ დაქირავებული ბრიგადის მუშების და იქ მცხოვრები მოსახლეობის პირით.
„თუ ჯაში დასაწყისში შეიძლება არაკრიტიკული მოგეჩვენოთ და „ობიექტური“, ფილმის ბოლოში მაყურებელს მაინც ერთ დასკვნა გამოაქვს - რაღაც მშვიდი ძალადობის შემსწრე ხდება, რასაც ადამიანი ბუნებას უკეთებს“.
„Modern Times Review“ კი სტატიას ასე ასათაურებს „დაკარგული სამოთხე“. ავტორი წერს, რომ სალომე ჯაშს ფილმის დასაწყისში გამოყენებული მხატვრული სურათების მთელი სერიით მივყავართ ზღაპრულ მოგზაურობაში საქართველოს ზღვის სანაპიროსთან. მაყურებელი აღმოჩნდება ადგილას, სადაც საუკუნოვანი ხეები ქრება და ეს გამოწვეულია არა კლიმატის ცვლილებით ან სხვა მიზეზით, არამედ, როგორც ფილმიდან ირკვევა, ერთი მდიდარი კაცის დესტრუქციული ჰობის შედეგია. გამოცემა წერს, რომ ჯაში ამ ამბავს თვალწარმტაცი კომპოზიციებით (“ხეების ცეკვა“) მოგვითხრობს.
სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“ (Taming the Garden) სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა. საქართველოს მხრიდან ფილმზე Sakdoc Film მუშაობდა.
„Sundance“-ის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე ფილმი ასე დაახასიათეს - „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.