ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებამდე თეორიულად 4 სამუშაო დღე რჩება - საკითხი პარლამენტის სხდომაზე 2 თებერვალს უნდა გავიდეს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციონერებს მანდატები გაუუქმდებათ. რადიო თავისუფლებას „ევროპელ სოციალისტებში“ უთხრეს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას არც თავად დაუჭერენ მხარს და „ოცნებასაც“ იმავესკენ მოუწოდებენ. მსგავსი მინიშნებები კეთდება „ქართული ოცნებიდანაც“. პარალელურად, ხელისუფლება ოპოზიციისთვის საპარლამენტო პრივილეგიების შეთავაზებას ცდილობს.
- რას ცვლის მანდატების გაუქმება-არგაუქმება ოპოზიციის გეგმებში?
- რას აპირებს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გამიჯნული „მოქალაქეები“ და როგორ უკავშირდება ამ პარტიის გეგმები „კარტოგრაფების“ საქმეს?
- რას ამბობს პარლამენტში შესვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შესახებ NDI-ს ბოლო კვლევა?
თუ შეხვალ, მიიღებ მეტს
26 იანვარს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტში შესული ანდა სავარაუდოდ შემსვლელი ოპოზიციონერებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს: პროექტი გარკვეულ შემთხვევებში უფრაქციო დეპუტატების მცირე ჯგუფისთვის ფრაქციის ტოლფასი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად:
- უფრაქციო დეპუტატები შეძლებენ, საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე - ამის საშუალება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს, (მათ შორის, 2-წევრიანსაც);
- უფრაქციო დეპუტატები შეძლებენ, საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზეც. კანონპროექტის თანახმად, ამის გაკეთება შეუძლია არანაკლებ 4-კაციან ჯგუფს; თუმცა კომიტეტი შეთანხმდა, რომ შესაძლებელია, არც ამ შემთხვევაში დაკონკრეტდეს ჯგუფის წევრთა რაოდენობა (ამ საკითხს დაუბრუნდებიან სხდომაზე განხილვისას);
- არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგინებით პარლამენტში შესულ უფრაქციო პარლამენტის წევრს/წევრებს დამატებით მიეცემა/მიეცემათ 10 წუთი (ჯამში მაქსიმუმ 15 წუთი).
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვხვდებით ჩანაწერს, რომ ცვლილება აუცილებელია, რადგან მე-10 მოწვევის პარლამენტში „ვერ ხერხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების მიერ“.
„ცხადია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ წინადადებასა და ინიციატივას, რომელიც ოპოზიციის კონსტრუქციულ ფლანგს აძლევს შესაბამის პოლიტიკურ საქმიანობაში მაქსიმალურად ჩართვის შესაძლებლობას... უმრავლესობამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ოპოზიციური ფლანგიდან პარლამენტში შემობრძანდება, იყოს მაქსიმალურად აღჭურვილი ყველა იმ უფლებამოსილებით, რომლებიც მათ რეგლამენტით გააჩნიათ... ხოლო თუკი რეგლამენტში ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული, ცხადია, ჩვენი ვალია, რომ შესაბამისი ფორმულირებები შევქმნათ და მივცეთ შესაბამისი საშუალება და რესურსი ოპოზიციურ მხარეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
ამ შესაძლებლობის გამოყენებას ნამდვილად აპირებს ფრიდონ ინჯიას 4-წევრიანი პარტია - „ევროპელი სოციალისტები“. როგორც ამ პარტიის დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საკუთარ თავს თავმჯდომარის მოადგილის რანგში ორ კომიტეტში ხედავს, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად არ იცის, საბოლოოდ რომელზე შეჩერდება მისი არჩევანი.
„ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციისთვის გამოყოფილ კვოტას სავარაუდოდ სპიკერატშიც აითვისებენ, თუმცა ვინ და როგორ - ეს ჯერ ისევ არ იციან. ამასთან, ზილფიმიანი არ იზიარებს ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ - „ევროპელი სოციალისტები“ პარლამენტში შესვლისთვის ჯილდოვდებიან.
„კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქნები ან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში... ეს ორი კომიტეტი პირდაპირ არის ჩემს წარსულთან მიბმული საქმე... მე ჩემს ადგილს ვერ ვხედავ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრები ამ შესაძლებლობასაც გამოიყენებენ. ალბათ ეს არ იქნება ფრიდონ ინჯია, რადგან მას ისედაც ბევრი საქმე აქვს - პარტიის თავმჯდომარეა...
პარლამენტის შესვლისთვის მე არავის მადლობა არ მჭირდება. პარლამენტში შევედი ჩემი შინაგანი მრწამსით და ჩემი დასავლელი პოლიტიკოსი მეგობრების თხოვნით. თქვენ იცით, რომ ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი იტალიაშია... იტალიელებს დაველაპარაკე, ამერიკელებს დაველაპარაკე - მე აშშ-ის რეზიდენტი ვარ.
ეს ცვლილებები რეგლამენტში აუცილებელი იყო, რადგან სხვანაირად ვერ იმუშავებდა პარლამენტი... თუ ფრაქცია არა გაქვს, ვერაფერში ვერ იღებ მონაწილეობს და ახლა ჯგუფს ექნება ამის უფლება. სხვა პარტიებიც თუ შემოვლენ პარლამენტში, 4 და 5 დეპუტატით ვერც ისინი შექმნიდნენ ფრაქციებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზილფიმიანი.
კიდევ ვინ შეიძლება გამოიყენოს „ქართული ოცნების“ მიერ მინიჭებული უფლებები?
პასუხი არ არის რთული: პარლამენტში შესვლაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია ლაპარაკობს და „მოქალაქეების“ ორ დეპუტატს ხელისუფლებასთან პირისპირ დიალოგიც დაწყებული აქვს.
სხვა ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს აგრძელებენ და მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდს ითხოვენ.
„მოქალაქეების“ გეგმები და „კარტოგრაფების საქმე“
„ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი „მოქალაქეებმა“ 22 იანვარს დაიწყეს. პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი, ლევან იოსელიანი, „რადიო თავისუფლებასთან“ არ უარყოფს, რომ ამ შეხვედრაზე საუბარი რეგლამენტში შესატან ცვლილებებსაც შეეხებოდა.
„განსახილველი შეთანხმების ერთი პუნქტი არის, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობის 7-დან 4 კაცამდე შემცირება. როდესაც საუბრისას შეთანხმების ამ ნაწილზე მივედით, ვიკითხეთ - ისევ ეთანხმებოდნენ თუ არა ამას? მივიღეთ პასუხი, რომ მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები უფრო უკეთეს მდგომარეობას აძლევდა ოპოზიციას და უუმჯობესებს პირობებს.
მე ეს ცვლილებები შეხვედრის შემდეგ ვნახე და ერთ რამეს ვიტყვი - ყველა ცვლილება, რომელიც ოპოზიციას მეტ უფლებას აძლევს და (სიტყვით) გამოსვლისთვის აძლევს მეტ დროს, მხოლოდ კარგია. ეს არის საქმიანობის უკეთ წარმართვის შესაძლებლობა“, - გვითხრა იოსელიანმა.
„მოქალაქეები“ უკვე დიდი ხანია პირდაპირ ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლისთვის მზად არიან და ამისთვის აუცილებელი სულაც არ არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ლევან იოსელიანი გვიმეორებს, რომ პარლამენტში შევლენ სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება;
- საარჩევნო სისტემის რეფორმა;
- საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა.
იოსელიანი ასევე გვეუბნება, რომ ჩამონათვალის პირველი საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა და, კერძოდ, „კარტოგრაფების საქმეზე“ იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ მოლაპარაკებების პერსპექტივებიც.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი „კარტოგრაფების საქმეზე“. თუ დავინახავთ, რომ არის რაღაც წინსვლა, მაშინ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს... ჩვენთვის შედეგი იქნებოდა ამ ადამიანების (ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას) გამოშვება.
ჩვენ ვნახეთ, რომ (საოლქო კომისიის თავმჯდომარის სიკვდილთან დაკავშირებულ საქმეზე) ორი დაკავებული გამოუშვეს მოლაპარაკებების დაწყების მერე... მოლაპარაკებები განვაახლეთ იმ იმედით, რომ ეს პროცესი ამ ადამიანებსაც დაიხსნის პატიმრობიდან... თუ ხუთშაბათის სასამართლო სხდომაზე გამოუშვებენ ამ ადამიანებს, ჩვენ პარასკევსაც შეგვიძლია შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“, შაბათსაც და კვირასაც... ვნახოთ“, - გვეუბნება ლევან იოსელიანი.
„კარტოგრაფების საქმის“ წინასასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 28 იანვარს არის დანიშნული. როგორც ივერ მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარდა, სასამართლო სხდომაზე პროცედურების შესაბამისად გადაისინჯება საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების საკითხიც. მარიკაშვილს საქმის პოლიტიზების გამო, შანსების შეფასება და პროგნოზების გაკეთება უჭირს.
ხელისუფლება არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას საქართველოში და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყოველ ჯერზე აღნიშნავენ, რომ ვერ ჩაერევიან სასამართლო სისტემის კომპეტენციაში.
მანდატების გაუქმება, ბოიკოტი და NDI-ს კვლევა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო დღეებში აქტიურად აფრთხილებდნენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დრო იწურება და პარლამენტში შესვლაც უნდა იჩქარონ, ვიდრე 2 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
26 იანვარს პარლამენტიდან განსხვავებული შინაარსის მესიჯები გავრცელდა. როგორც „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ პარტიის 4 დეპუტატი მხარს არ დაუჭერს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს.
„კენჭისყრა როცა იქნება სხდომაზე, ჩვენ ამ საკითხის წინააღმდეგ მივცემთ ხმას და თან დამარწმუნებელი სიტყვითაც გამოვალთ - შეიძლება დავარწმუნოთ „ქართული ოცნება“, რომ უარი ვთქვათ მათი უფლებამოსილების შეწყვეტაზე...
ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ამერიკის საელჩოსაც და ევროკავშირის საელჩოსაც (ფასილიტატორებს), რომ მეტი დრო ჰქონდეთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად... არ დავუჭერთ ამას მხარს და მორჩა, ეს შესაძლებელია“, - გვეუბნება დავით ზილფიმიანი.
დაახლოებით 2 კვირის წინ, ამგვარი თეორიული შესაძლებლობის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობდა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. ხოლო 26 იანვარს, მანდატების გაუქმებაზე უარის თქმის შესაძლებლობა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმაც ახსენა.
გია ვოლსკიმ თქვა, რომ მანდატების გაუქმება შესაძლოა დამაზიანებელი იყოს რამდენიმე გარემოების გამო:
- „პირველი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან (ოპოზიციონერები) უტიფრად იტყვიან - პარლამენტში შესვლაზე დაგიჯერებდით, მაგრამ, აი, მანდატი შეგვიწყვიტეს. მოსალოდნელია ამ თემით სპეკულირება“;
- „არის მეორე საკითხი - აი, ჩვენ იქ არა ვართ, ესე იგი, პარლამენტი ოპოზიციის გარეშე მოქმედებს. აქედან გამომდინარეობს მანდატების შეწყვეტაზე მათი გააფთრებული მოთხოვნა“;
- „არის მესამე გარემოებაც - ვაი და, ვიღაც გონს მოვიდეს, საერთაშორისო პარტნიორების შეძახილი და თუნდაც ჩატარებული გამოკითხვების შედეგები გაითვალისწინოს. ამის გათვალისწინებით ყალიბდება დამოკიდებულება საკითხის მიმართ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ხატია დეკანოიძეს პარლამენტიდან 26 იანვარს დაურეკეს და ჰკითხეს, ნებაყოფლობით დაწერა თუ არა განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს არის აუცილებელი პროცედურა, რომელიც მანდატების შეწყვეტის საკითხის სხდომაზე გასატანად არის საჭირო.
„მკითხეს და დავუდასტურე... რადგან განცხადებები დავწერეთ, ესე იგი, ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არ მივანიჭოთ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს...
მე ვფიქრობ, რომ უფლებამოსილებას შეგვიწყვეტენ და ეს კარგია, რადგან ამით კონკრეტული ეტაპი დასრულდება. ჩვენი გეგმები არანაირად არ შეიცვლება არცერთ შემთხვევაში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გეგმის მიხედვით - იქნება ეს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, ოპოზიციის კოორდინაცია თუ საპროტესტო აქციები“, - გვეუბნება ხატია დეკანოიძე.
რა მესიჯი მიიღო ოპოზიციამ NDI-ს ბოლო გამოკითხვაში ასახული მონაცემებით? ხომ არ ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათგან პარლამენტში შესვლას ითხოვს?
„მე ყოველთვის დიდი პატივისცემით ვეპყრობი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს... მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აქ კითხვის კონტექსტია... რა თქმა უნდა, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა ნორმალურ სიტუაციაში მხარს დაუჭერდა ოპოზიციის პარლამენტში შეცვლას... მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას გაყალბებულ არჩევნებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ეს ესმის... მე ვერ ვიკადრებ, რომ ვთქვა, რომ NDI-ს არ ვენდობი, მაგრამ როცა (რესპონდენტთა) 50% მართლა შიშის გამო არ სცემს პასუხს შეკითხვებს, ძნელია ვილაპარაკოთ კონკრეტული კონტექსტის ვალიდურობაზე“, - გვეუბნება დეკანოიძე.
NDI-ის დაკვეთით 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის პროცესში რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა:
„ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს:
- იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.
- იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს“.
პირველ შემთხვევაში დადებითი პასუხი გამოკითხულთა 76%-მა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 82%-მა გასცა.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, რომ შეკითხვების ამგვარი ფორმულირება ვერ გამოავლენს მოსახლეობის რეალურ დამოკიდებულებას ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის მიმართ, რადგან ამ შეკითხვებში მინიშნებაც კი არ არის თავად ბოიკოტზე.
„თუკი ეს კვლევა ბოიკოტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას დაისახავდა მიზნად, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხსენებული ეს სიტყვა. ეს არ არის უცენზურო სიტყვა, ან სლენგი ან ჟარგონი... მაგალითად, შეიძლებოდა დასმულიყო შეკითხვა ასე - რამდენად უჭერთ მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ ბოიკოტის გამოცხადებას პარლამენტის მიმართ? ეს არ იქნებოდა არალეგიტიმური შეკითხვა.
ჩემი აზრით, დასმული შეკითხვები ასახავს დემოკრატიის ზოგად ღირებულებებს... ეს არ არის ბოიკოტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების და არც პარლამენტში ოპოზიციის შესვლის მხარდამჭერთა რაოდენობის გამზომი შეკითხვები“, - გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი.