Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოქალაქეების" ლიდერები "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრებს გააგრძელებენ


პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა, შეხვედრები გაგრძელდება.

ალეკო ელისაშვილთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ, ლევან იოსელიანმა მედიას უთხრა, რომ პოზიციები ემთხვევა საარჩევნო რეფორმის ნაწილში, მაგრამ რჩება შეუთანხმებელი დეტალები. მას ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მედიის შეკითხვას, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებით, საარჩევნო რეფორმას პარლამენტში ოპოზიციის გარეშეც განახორციელებს, ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ მმართველ პარტიაზე არ აქვთ ისეთი მაღალი წარმოდგენა, რომ ის ყველაფერს თავად გააკეთებს: „მაშინ რას ელოდებოდნენ პოლიტიკურ კრიზისს?!“

რაც შეხეება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან „მოქალაქეების“ შემდგომ ურთიერთობას, ლევან იოსელიანის განცხადებით: „ოპოზიციასთან ამ ტიპის ურთიერთობა დავასრულეთ, კინკლაობაც, შეხვედრაც“.

იოსელიანის თანახმად, მათი აზრის სისწორეში, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, სხვა პარტიები ვერ დაარწმუნეს და მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

ამასთან, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუ ვერ მოხერხდება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, და არა მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე, პარლამენტში არ შევლენ. იოსელიანის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების შედეგად „მაქსიმალური წამოიღონ“ და იმედია, შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი პროცესი.

უკვე რამდენიმე კვირაა, უთანხმოებაა "მოქალაქეების" ლიდერებს და იმ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანისგან განსხვავებით, პარლამენტს მიმართეს უფლებამოსილების შესაწყვეტად. ელისაშვილმა "ქართულ ოცნებასთან" აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკების ჩაშლაში "ევროპული საქართველოს" ლიდერები დაადანაშაულა. თავად ალეკო ელისაშვილს ბრალი დასდეს იმაში, რომ პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციის უმთავრეს მოთხოვნაზე, ვადამდელ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება. სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ელისაშვილი "ქართული ოცნების" დაკვეთას ასრულებს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასა და საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.

"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში წითელ ხაზად აქვს გამოცხადებული ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამასთან, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და თუ ის დაადასტურებს, რომ არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იანი ცდომილებაა, რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება. მმართველი პარტია ადასტურებს საარჩევნო რეფორმისთვის მზადყოფნასაც.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გასულ წელს გაიმართა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი. პროცესის გაგრძელების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG