Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები "ოცნებას" მიმართავენ, გააცნობიეროს, რომ გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია


ათი ოპოზიციური პარტია მიმართავს „ქართულ ოცნებას“ - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და, შესაბამისად, ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. პარტიები, ასევე, აცხადებენ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ „ოცნების" მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა, უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ლელო"

„გირჩი - მეტი თავისუფლება"

„ევროპული საქართველო"

„სტრატეგია აღმაშენებელი"

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

ბლოკში „ძალა ერთობაშია" გაერთიანებული პარტიები: „პროგრესი და თავისუფლება", „ნაციონალური მოძრაობა", „სახელმწიფო ხალხისთვის" და „რესპუბლიკური პარტია".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ელის, რომ ოპოზიციის უმრავლესობა გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას.

„ყველა შესაძლებლობას მივცემთ საპარლამენტო ოპოზიციას ბოლომდე იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა. თითოეული დეპუტატი იღებს დამოუკიდებელად გადაწყვეტილებას. ჩვენი სურვილი და მოლოდინიც არის ის, რომ ოპოზიციის უმრავლესობა 2 თებერვლამდე მაინც მიიღებს (ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის უმრავლესობა) გადაწყვეტილებას, რომ გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა. აღარ დარჩა ადამიანი სამყაროში, რომელსაც სჯერა იმის, რომ ამ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ პარტიებმა ერთმანეთში ითანამშრომლონ (ეს ბოლო კვლევებითაც ჩანს). მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ბუნებრივია, ჩვენ მუდმივ რეჟიმში შეგვიძლია, ნებისმიერ პიროვნებასთან, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებთან, ოპოზიციასთან გვქონდეს ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები“, - თქვა მაჭარაშვილმა.

უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართა, მას შემდეგ ამ ფორმატით მოლაპარაკება არ გაგრძელებულა.

ცნობილია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვალს იმსჯელებენ.

ამ დროისთვის დეპუტატის უფლებამოსილება „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს შეუწყვიტეს. იმის გამო, რომ პარტიას ცესკოსთვის დარჩენილი სიის გაბათილების მოთხოვნით არ მიუმართავს, პარლამენტის წევრები გახდნენ მათი ადგილმონაცვლეები: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. სიის მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ კი დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა.

პარლამენტიდან გასვლის შესახებ განცხადებები არც პარტია „მოქალაქეების“ წევრებს ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს დაუწერიათ.

„გირჩის“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიდან კი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა.

XS
SM
MD
LG