საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართლი ოცნებიდან" გია ვოლსკი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გადაჭარბებული ქება სწორი არ არის. მისი კომენტარი "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა, სადაც დეპუტატმა მიზეზებზე ისაუბრა.
"უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა - მისი გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიმაჩნია... როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა - პირიქით", - განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიციამ 44 წლის ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის პუნქტზე დააკავა მას შემდეგ, რაც ის იქ ბერლინიდან ჩაფრინდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა აგვისტოში მოწამვლის მერე. ნავალნი თავის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ალექსეი ნავალნი ქართველებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა. 2013 წელს ალექსეი ნავალნიმ, კრიტიკის საპასუხოდ, "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს თქვა:
"ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე "გრიზუნებად" (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები იყო, წლებია. ისინი არ იმართებოდნენ წლების განმავლობაში თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი/სპონსორი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე ახლა მზად არ ვარ პასუხისთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?"