Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ "კოვაქსს" აცნობა, რომ ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის


საქართველომ საერთაშორისო „კოვაქს პლატფორმას“ ოფიციალურად შეატყობინა, რომ მზად არის დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დასაწყებად.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „კოვაქსისგან“ გასულ კვირაში მიღებულ წერილს, ბოლო ვადის ამოწურვამდე, 18 იანვრამდე უპასუხეს და აცნობეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია აცრა ხვალვე დაიწყოს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ თქვა, რომ შემდეგი ეტაპია „კოვაქსის“ თანხმობა და ვაქცინის მიწოდების ზუსტი ვადის დასახელება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, საბოლოო პასუხს მაქსიმალურად სწრაფად ელოდებიან და რეალისტურია, რომ ვაქცინაცია თებერვალში დაიწყოს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოს „კოვაქსზე“ დაკვეთილი აქვს 1.5 მილიონი დოზა, რომელსაც ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს: „რაც შეეხება პირველ საწყის შემოტანას „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი. დაახლოებით ოცი ათას დოზაზე ვვარაუდობთ - რომ გავანახევროთ, ეს იქნება ათი ათასი სამიზნე ჯგუფისთვის - რაც იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის. ესეც არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე კოვაქსის მხრიდან დგება, ვინ უნდა მიიღოს პირველი დოზები“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შესაძლოა, „კოვაქსმა“ საქართველოს 2021 წლის პირველ კვარტალშივე შესთავაზოს AstraZeneсa-​ს ვაქცინაც. გაბუნიას თქმით, მთავარია, რომ საქართველოს ვაქცინაციის დასაწყებად უკვე აქვს როგორც ტექნიკური, ისე მარეგულირებელი მზადყოფნა. მათ შორის, ქვეყანას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა.

„კოვაქს პლატფორმა” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნებისთვის ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელმაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის, ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneсa-​სა და ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ ვაქცინებს.

საქართველოს გეგმა ითვალისწინებს 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა 60%-ის ვაქცინაციას.

XS
SM
MD
LG