Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC და რელიგიური გაერთიანებები მოითხოვენ, გაუქმდეს რელიგიის სააგენტო და გატარდეს რეფორმები


გურიის სოფელ ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების ფონზე, უფლებადამცველები და რელიგიური გაერთიანებები მოითხოვენ, გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმები დაიწყოს.

„სოფელ ბუკნარში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური შევიწროება არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა… ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არც ერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში)“, - წერია 18 იანვრის მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, პლატფორმა სალამი და სოლიდარობის პლატფორმა.

ხელმომწერების მტკიცებით, ბუკნარის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი, რომელის მონაწილეობა კონფლიქტის გადაჭრასა და მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო.

განცხადების თანახმად, 2014 წელს რელიგიის სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არ გადაჭრილა არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა:

  • დისკრიმინაციული ჩანაწერები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წესში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ტყის კოდექსში;
  • საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ კანონისა და პოლიტიკის არარსებობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების პრობლემა;
  • რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი დაბრკოლებების, საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები;
  • რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები.

ამასთან, ხელმომწერები აცხადებენ, რომ სააგენტოს პრობლემური მანდატი და ბუნდოვანი კომპეტენციები აქვს, რომელიც მას თვითნებობის და არადემოკრატიული/გაუმჭვირვალე მუშაობის შესაძლებლობებს აძლევს. ასევე:

  • რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მეტწილად უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული ხედვები აქვს;
  • ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის გამოცდილება აქვს;
  • რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების დაბალი ნდობა აქვს.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეისწავლონ რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და უპასუხონ მას საკანონმდებლო თუ სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით. ხელმომწერი ორგანიზაციები სამ მოთხოვნას აყენებენ:

  • შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის - უსაფრთხოების, კონტროლის და რელიგიური ჯგუფების იერარქიზების - მიდგომა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს. შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლი და მათ ავტონომიაში ჩარევა;
  • შემუშავდეს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსა და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
  • გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშაოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება.
XS
SM
MD
LG