Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ მოითხოვენ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას უწოდა მისი და რუსეთის ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების გაჩუმების კიდევ ერთი მცდელობა. აშშ ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ ხმების შეჯიბრების და პოლიტიკურ ოპონენტებზე არ ძალადობენ.

ნავალნიზე კრემლის შეტევა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, არამედ შეურაცხყოფაც რუსი ხალხისა, რომელსაც სურს, რომ მისი ხმა გაიგონ, - დაწერა ტვიტერზე ჯეიკ სალივანმა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში დაიკავებს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას. სალივანის განცხადებით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და პასუხი უნდა აგონ მის სიცოცხლეზე თავდასხმის გამო დამნაშავე პირებმა.

რუსი ოპოზიციონერის დაკავება დაგმო ევროკავშირმაც. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ალექსეი ნავალნის დაკავებას დაუშვებელი უწოდა და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელმაც. მისი განცხადებით, სასამართლო სისტემის პოლიტიზება დაუშვებელია.

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობდა „ვნუკოვოს“ აეროპორტის ნაცვლად დაეშვა „შერემეტიევოს“ აეროპორტში, სადაც ის დააკავეს.

ნავალნის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, წესები არ დაურღვევია და ამ სამსახურს აცნობა, რომ საზღვარგარეთ სამედიცინო მიზნებით იმყოფება.

რუსეთში დაბრუნებულმა ალექსეი ნავალნიმ დაკავებამდე მედიას უთხრა, რომ არ ეშინია და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე გაყალბებულია.

XS
SM
MD
LG