Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუკნარში მუსლიმების და ქრისტიანების ლოცვა დასრულდა - სოფელში მოლაპარაკება გრძელდება


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განახლდა ადგილობრივი მუსლიმების და ქრისტიანების მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. მიზანი თანასოფლელების შერიგებაა.

მანამდე სოფლის ქრისტიანულ ტაძარსა და მუსლიმი თემის მიერ სალოცავად შეძენილ სახლში რელიგიური რიტუალები შესრულდა.

ბუკნარში მცხოვრებმა მაჰმადიანმა შალვა ქათამაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ათწლეულებია სოფელში მუსლიმები და ქრისტიანები ერთად ცხოვრობენ ისე, როგორც უნდა იცხოვრონ ქართველმა მეზობლებმა, მეგობრებმა და თანამოქალაქეებმა. შალვა ქათამაძე სოფლის არაერთი სხვა მცხოვრების მსგავსად ვარაუდობს, რომ კონფლიქტის კერა წინასწარ მზადდებოდა და შესაძლოა, ამისთვის ორივე თემის წარმომადგენლებს იყენებდნენ. ის არ აკონკრეტებს, ვის და რა მიზნით სურდა უთანხმოების გამოწვევა.

„ჩვენ თავად, მეზობლურად და მეგობრულად გავარკვევთ, ვინ იდგა ამ საქმის თავში, რათა იგივე არ განმეორდეს და იმედია, ორივე მხრიდან ამ საქმეს გამოვასწორებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შალვა ქათამაძემ.

სოფლის ქრისტიანულ ტაძარში ლოცვის შემდეგ, შემოქმედის ეპარქიის პრესმდივანმა, დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა მედიას განუცხადა, რომ პარაკლისი ჩატარდა იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს. დეკანოზის თანახმად, ეპარქიის პოზიციაა, რომ ყველამ ხელი უნდა შეუწყოს სიტუაციის დამშვიდებას, იმას, რომ დაპირისპირება აღარ იყოს და ურთიერთობა გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე: „მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვა იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. მათ შორის იყოს სიყვარული და ურთიერთობა“.

დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი საბოლოოდ ამოიწურება და ძმური ურთიერთობა გაგრძელდება. რაც შეეხება კონფლიქტს, დეკანოზის თანახმად, ის გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მუსლიმები სალოცავად შეძენილ სახლზე აპირებდნენ მინარეთის გაკეთებას და მიკროფონით ხმამაღალ ლოცვას: „ზოგადად, ყოველთვის კონფლიქტს იწვევს ის, რომ ერთმანეთის არ გვესმის სწორად“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. ორ თემს შორის უთანხმოება ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, როცა სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ. მუსლიმები მინარეთის მშენებლობის განზრახვას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG