საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე დადასტურებულია მზადყოფნა, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალის ასაცრელად მიაწოდონ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას დაემატოს სხვა ვაქცინებიც: „ამ შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ ასტრაზენეკაზე ხელმისაწვდომობა გაუჩნდება ჩვენს მოქალაქეებს“.
წინასწარი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 100 000 დოზას.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, ვაქცინაციის პრიორიტეტებს ათანხმებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და განსაზღვრულია რისკჯგუფები: „პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტრატეგიულად გეგმავს, რომ მათი მედიკოსები არ დაინფიცირდნენ, რათა მათ შეძლონ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტში ყველა ქვეყანაში არიან მედიკოსები. მედიკოსების ვაქცინაცია, ასევე, მნიშვნელოვნად ზრდის სანდოობას მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის. შემდეგ არიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მატარებლები და პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით“.
ტიკარაძის თანახმად, საქართველოს არ ჰყავს 100 ათასი მედიკოსი და, აქედან გამომდინარე, შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად განაწილდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან შეთანხმებულ ჯგუფებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა უარყო, რომ ამ ეტაპზე საქართველო განიხილავს ჩინური ვაქცინის შემოტანას: „ცალსახად ჩვენ ვსაუბრობთ ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინაზე. ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“. ჩინური ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობაზე ბოლო ხანს რამდენჯერმე ილაპარაკა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „კოვაქს პლატფორმიდან“ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ეტაპობრივად შეიძენენ: „როგორც კი სარწმუნო წყაროდან გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ საჯარო გავხადეთ. როგორც კი გვექნება შემდეგი დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შეძლებს კოვაქს პლატფორმა, ამასაც გავასაჯაროებთ. ნებისმიერი პროცესი თანმიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას“.
რაც შეეხება ვერსიას, რომ საქართველოს ვაქცინას აშშ ჩუქნის და მთავრობა ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ვაქცინას ყიდულობს, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქართველოს „კოვაქს პლატფორმაზე“ უკვე გადახდილი აქვს მოსახლეობის აცრისთვის საჭირო ვაქცინების 25%-ის საფასური, 4 მილიონი დოლარი.
„კოვაქს პლატფორმა” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნებისთვის ვაქცინის თანაბრად ხელმისაწვდომობა.
მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელმაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის, ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneсa-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ ვაქცინებს.