Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდა კანონს, რომელიც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას პანდემიის დროს სხვადასხვა შეზღუდვის დაწესების უფლებას საკანონმდებლო ორგანოს ჩართვის გარეშე აძლევს, მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა კანონში ცვლილებებს 81 ხმით დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ცვლილებების მიხედვით, მთავრობას 2021 წლის 1 ივლისამდე შეუძლია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს და აკონტროლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და შესაბამისი ზომები მიიღოს.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა. მან იმედი გამოთქვა, რომ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების საჭიროება მომავალში აღარ დადგება:

„იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება მიეცა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები და შეზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებები, მხარი 14 ივლისს დაუჭირა. „საზოგადობრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი გამარტივებული სახით, ერთი მოსმენით მიიღეს. დოკუმენტი ძალაში 2021 წლის პირველ იანვრამდე იყო. მთავრობისათვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლების მინიჭებას სამოქალაქო სექტორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა.

XS
SM
MD
LG