Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირში წევრობისთვის განაცხადის გაკეთება არ არის მხოლოდ სურვილის დაფიქსირება


თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორის თენგიზ ფხალაძის თქმით, 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთება მხოლოდ სურვილის დაფიქსირებას არ ნიშნავს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან აღნიშნა, რომ განაცხადი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური ნების დადასტურება, არამედ გამოხატულება იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებას. იგი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი ნაბიჯები, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან:

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს განაცხადი არ იყოს მხოლოდ განაცხადი, ამას მოჰყვეს კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის კანონმდებლობაში, მათ შორის რეალურად საბოლოოდ დახურვა ისეთი თემების, როგორიც არის სასამართლო რეფორმა, როგორიც არის არჩევნების ჩატარება ისე, რომ აღარ გაჩნდეს მერე კითხვები, როგორიც არის ძლიერი ადგილობრივი თითმმართველობა და კიდევ ბევრი სხვა საკითხები იმიტომ, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური თემა და მივესალმები თუკი გავაკეთებთ არა განაცხადს განაცხადისათვის, არამედ თუ ჩვენ მართლა ავიღებთ ორიენტირად იმას, რომ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, რომ იყოს ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. გადაცემაში მან ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნის პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური სიმწიფის აუცილებლობას:

„იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვართ, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ვგულისხმობ, რთულად წარმომიდგენია, რომ სერიოზულად იქნას აღქმული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. იმიტომ რომ ევროკავშირში პოლიტიკური კულტურა არის სხვა და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს სხვანაირად და არა იმ მოცემულობით, რა მოცეულობითაც მიმდინარეობს საქართველოში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

საქართველოს პარლამენტში დღეს იწყება საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე პროექტს ევოპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში განიხილავენ. რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტია ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთება 2024 წლისთვის.

XS
SM
MD
LG