ფსბ-მ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებულ გამოძიებას უწოდა „უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით მომზადებული პროვოკაცია“, ხოლო ვიდეოს სატელეფონო საუბრით ნავალნისა და ფსბ-ს თანამშრომელ კუდრიავცევს შორის, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მოწამვლასთან - „ფაბრიკაცია“. ფსბ-ს საზოგადოებრივი კავშირების ცენტრის განცხადებას რუსეთის მედია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „პროვოკაციის“ მიზანი იყო ფსბ-სა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია და რომ მისი განხორციელება „შეუძლებელი იქნებოდა უცხოეთის სპეცსამსახურების საორგანიზაციო და ტექნიკური დახმარების გარეშე.“
განცხადებაში არ არის ნახსენები რაიმე ვერსია გაყალბების თაობაზე. ასევე არ არის ნახსენები ფაქტები, რომლებსაც შეეძლოთ გაებათილებინათ ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს კავშირის თაობაზე გამოძიება.
ორშაბათს ინტერნეტში გამოქვეყნდა ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილესთან საუბრის ჩანაწერი. ის თავად პოლიტიკოსმა გამოაქვეყნა.
ნავალნის თქმით, მან ტელეფონით დაურეკა ფსბ-ს რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ მის მოწამვლაში, მათ შორის კონსტანტინ კუდრიავცევს. როგორც იტყობინებიან, ნავალნიმ დარეკა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამიტომ კუდრიავცევმა იფიქრა, რომ მას სამსახურის ტელეფონით ურეკავდენ. ამ ნომერს ფსბ-ს თანამშრომლები ასევე იყენებდნენ როგორც კომუტატორს მაღალი რანგის ოფიცრებთან კავშირისთვის.
ნავალნიმ სატელეფონო საუბარში თავი წარმოადგინა ფსბ-ს ხელმძღვანელის, ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწედ, მაქსიმ უსტინოვად, და ითხოვა ზოგიერთი მომენტის გარკვევა, რაც თითქოს ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი ანგარიშისთვის იყო საჭირო.
ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანმა, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, ახსნა, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისთვის ორგანიზმში ატროპინის შეყვანა: „ცოტა მეტ ხანს რომ გაგრძელებულიყო, მაშინ, შესაძლებელია, ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო. აი, ხედავთ, ასე მოხდა... ეს სწორედ ის ცუდი ფაქტორია, რომელიც ჩვენს საქმეში შეიძლება იყოს.“ ნავალნისთან თანამოსაუბრემ ასევე თქვა, რომ საწამლავი პოლიტიკოსის ქვედა საცვალზე მოათავსეს.
დარეკვის მომენტში ნავალნიმ უკვე იცოდა, რომ კუდრიავცევი მონაწილეობდა მის თვალთვალში, ასევე ომსკში ჩაფრინდა უკვე მას შემდეგ, რაც ნავალნი ბერლინში გაამგზავრეს სამკურნალოდ, იტყობინებიან გამომძიებლები. მანამდე The Insider-ი და Bellingcat-ი წერდნენ, რომ კუდრიავცევი, რომელიც ქიმიური თავდაცვის სფეროს სპეციალისტია, სპეციალურად გაფრინდა ომსკში, ვინაიდან იცოდა, როგორ უნდა გაექრო შხამის კვალი.
საუბარში კუდრიავცევი აღნიშნავს, რომ გასაწმენდად საჭირო ტანსაცმელი მას გადასცა „მიხაილმა“, რომელიც ფსბ-ში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივ სამმართველოს განაგებს. როგორც იტყობინებიან, „მიხაილი“ არის მიხაილ ვალერის ძე ევდოკიმოვი. მან უარი თქვა პირდაპირი ხაზით საუბარზე, მაგრამ დაადასტურა, რომ კუდრიავცევს ტანსაცმელი გადასცა და სატრანსპორტო მილიციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.
კუდრიავცევი ასახელებს მოწამვლის სხვა სავარაუდო მონაწილეებსაც. მათ შორისაა ვასილი კალაშნიკოვი, რომელიც არ ფიგურირებდა Bellingcat-ის გამოძიებაში. The Insider-ის მონაცემებით, კალაშნიკოვი არის გაზური ქრომატოგრაფიის სპეციალისტი. ესაა ქიმიური ნივთიერების გამოვლენის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ნერვულ-პარალიტიკური შხამის აღმოსაჩენად ბიოლოგიურ სინჯებში.