საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება. საელჩო საქართველოს მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვების მოთხოვნებს აცნობს:
„აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი და გასართობი იხურება;
პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;
აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამი დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ "მხარდამჭერი წრის" წევრების მონახულება;
აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება“, - ნათქვამია დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი სახეობის დაფიქსირების გამო რეგულაციები გამკაცრდა.