ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიას პრეპარატი რემდესივირი უჩვენა და განაცხადა, რომ ის უკვე საქართველოშია.
„გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება და დღეს საქართველოში არის უკვე პრეპარატი რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მას არ დაუკონკრეტებია, პრეპარატის რა ოდენობა ჩამოიტანეს გუშინ საქართველოში.
მისი სიტყვებით, ორშაბათიდან პრეპარატი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება და შესაბამისი ცვლილიბები შევა პროტოკოლში.
ცნობილი, იყო რომ საქართველო 104 000 დოლარს, ანუ 350 000-მდე ლარს გადაიხდის 4000 ფლაკონ რემდესივირში. პრეპარატს შეიძენდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს.
რემდესივირი ებოლას წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატია. საქართველოში მის შემოტანაზე საუბარი ჯერ კდიევ გაზაფხულიდან დაიწყო - ის კვლევის ფარგლებში უნდა შემოსულიყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნიეს. მას შემდეგ ამ თემას ოფიციალური პირები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ, თუმცა ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ის არც ისეთი ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ როგორც თავიდან ეგონათ და ყველაზე ხელშესახები შედეგი, რაც მას აქვს, ჰოსპიტალიზაციის დროის შემცირებაა.