გორში კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი გივი პარასკევაშვილი. მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა. სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული, დღეს კი გარდაიცვალა. გივი პარასკევაშვილი კლინიკა „გორმედში“ წლების განმავლობაში მუშაობდა. პანდემიის დაწყების დღიდან კი აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში. „გორმედში“ აცხადებენ, რომ გივი პარასკევაშვილმა დიდი შრომა და ენერგია ჩადო ქართული მედიცინის განვითარებაში. „უაღრესად წარმატებული ექიმი და მედიცინის დოქტორი გივი პარასკევაშვილი ახალ კორონავირუსთან ბრძოლას შეეწირა, გორმედმა და ასევე ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ ნამდვილი პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა“, - ნათქვამია „გორმედის“ განცხადებაში.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი 4 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, შიდა ქართლში - 381. ამავე პერიოდში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი.
3 895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა.