Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობალაძის წერილი - მეგობრის სიკვდილიდან ბორკილების დადებამდე


წერილი, უფრო ზუსტად კი ამბავი, რომელიც ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულმა აკაკი კობალაძემ, ციხის კოვიდ-ცენტრში, კლინიკა „ლანცეტში“, 22 ნოემბერს დაწერა, რადიო თავისუფლებას მისმა მეუღლემ სოფია სოსელიამ მიაწოდა.

აკაკი კობალაძე, თედორე გობეჯიშვილის მეგობარი და 2020 წლის არჩევნების დამკვირვებელი, წერილში დეტალურად აღწერს 7 ნოემბერს, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების დღეს განვითარებულ მოვლენებს. ამბავი იმ წუთიდან იწყება, როდესაც მეგობრის, თედორეს გარდაცვალება შეიტყო და გრძელდება იმ მომენტამდე, როდესაც მას, როგორც მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე ბრალდებულს, პოლიციის განყოფილებაში ბორკილები დაადეს.

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, ასევე თედორე გობეჯიშვილის მეგობარი და ცესკო-ს სწავლების ყოფილი სპეციალისტი, გამოძიებამ 7 ნოემბერს, საღამოს, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დააკავა. საქმის მასალების თანახმად, დაკავებულებმა, მეგობარს, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, თედორე გობეჯიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

მომდევნო დღეს, 7 ნოემბერს, დილის საათებში, თედორე გობეჯიშვილი ოჯახის წევრებმა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

აკაკი კობალაძე წერილში, ვრცლად აღწერს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს და იხსენებს იმ დეტალებს, თუ როგორ გადაიქცნენ მოწმის სტატუსით დაბარებული მეგობრები, ბრალდებულებად. კობალაძე წერს, რომ პოლიციის განყოფილებაში, სამართალდამცავები მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ადგილი ჰქონდა, ფიზიკურ შეხებასაც. იმასაც ამბობს, რომ აიძულებდნენ იმ შინაარსის ჩვენების ხელმოწერას, რომელიც მას არ მიუცია.

პოლიციის განყოფილებაში, აკაკი კობალაძის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. როგორც რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებას უთხრეს უწყებაში, გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პოლიციელთა მხრიდან ზეწოლის ფაქტების გამოსაკვლევად, ბრალდებულების ადვოკატებმა ნოემბრის მიწურულს სასამართლოს მიმართეს პოლიციის განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების გამოთხოვის შუამდგომლობით. მართალია, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ დააკმაყოფილა, თუმცა, როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათ შსს-ში განუმარტეს, რომ „კადრები დისკზე არ იძებნება“:

„6-საათიანი ჩანაწერი გამოვითხოვეთ, თუმცა, პოლიციამ მოგვწერა, რომ კადრები ვერ ნახეს. აქ საინტერესოა ერთი მომენტი. არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანება - "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ". ამ ბრძანებაში გაწერილია პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვისა და დამუშავების წესი. დავიწყე ამ ბრძანების ძებნა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ „საკანონმდებლო მაცნეზე“, რომელიც არის ოფიციალური საკანონმდებლო უწყება, ეს ბრძანება არ არის გამოქვეყნებული. შსს-ს იურიდიულ დეპარტამენტში განმიმარტეს, რომ ეს შიდა ბრძანებაა და არ ეხება საჯაროდ გამოქვეყნება, რაც აბსურდია, რადგან მინისტრის ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოქვეყნებული. გამოდის, რომ შსს-ს ჩრდილოვანი საკანონმდებლო ბაზა აქვს შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავების დღიდან ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით ძალადობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში, პირველივე სხდომაზე ვთქვით, რომ დაკავებულების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაში უნდა სცოდნოდათ, რომ განყოფილების კამერების ჩანაწერები არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება და მათი დაცვა უნდა უზრუნველეყოთ. მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მე მოვიპოვე, წერია, რომ ამ ტიპის ჩანაწერები ინახება მინიმუმ 14 დღე და მაქსიმუმ 3 წელი. პოლიციის განყოფილებებში, 6-7 თვის განმავლობაში ინახება ჩანაწერები. თუმცა, ფაქტია, რომ პოლიციის მეხუთე განყოფილებიდან ეს ჩანაწერები გააქრეს“.

შვიდგვერდიანი წერილი

აკაკი კობალაძის შვიდგვერდიანი წერილი სამი ქვესათაურისგან შედგება - „გარდაცვალება“, „პოლიციაში“ და „გამოცხადებული დაკავების ქრონიკა“.

გარდაცვალება

პირველის წუთებია, მობილური მირეკავს, ძილბურანში ტელეფონის ეკრანს დავხედე Akaki Khuskivadze დაიწერა.

- თედო გარდაიცვალა.

არ ვიჯერებ, საღსალამათი თედო სულ რამდენიმე საათის წინ შევაცილე ლიფტში, ტელეფონზეც ბოლო ზარით მითხრა, რომ სახლში იყო.

- აკაკი, ვერ არის კარგი ხუმრობა, არ შეიძლება ასე.

- ნეტა, ხუმრობა იყოს, გარდაიცვალა, სახლში გარდაიცვალა, სასწრაფომ ვერ მიუსწრო.

სოფო გაოგნებული მიყურებს, ვერ ხვდება, რა ხდება.

- თედო გარდაიცვალა

- როგორ? რატომ? ავარია მოუვიდა? რა მოხდა?

ვერ ვაცნობიერებ მომხდარს, რა ვუპასუხო, არ ვიცი, ტირილს იწყებს, ორივეს დაბნეული მოძრაობები გვაქვს, ვიცვამთ.

- რატომ დაუჯერე, საჭესთან რატომ დასვი.

ავტოკატასტროფა ჰგონია. მე არ ვიცი, ვისთან დავრეკო, ვის ვკითხო ან რა უნდა ვკითხო.

- ავარია არ მოსვლია, სახლში გარდაიცვალა, სასწრაფომ ვერ მიუსწრო.

5 წუთში ეზოში ვარ. ტაქსამდე მეგობარი მხვდება, სახეზე მაწერია უბედურება. არ მიშვებს, ჩავყავარ მის სახლამდე. სადარბაზოსთან მეგობრები მხვდებიან, თვალცრემლიანი და დაბნეულია ყველა.

- რა მოხდა?

- სასწრაფომ ვერ მოუსწრო, მაკა (მეუღლე) რეკავდა 112-ში, არც უპასუხეს, ფანჯრიდან გადმოგვძახა, ჩვენ წავედით მოსაყვანად, ვერ მოვუსწარით, გულმა უმტყუნა.

ავრბივარ მერვე სართულზე, ვეღარ ვსუნთქავ, კარი ღიაა, ვერავის ვხედავ, საძინებლის კარს ვაღებ, ოთახი სავსეა ხალხით, შოკისგან დაბნეული, ვერავის ვცნობ. დეიდა ვიცანი, ჯილდა.

- სადაა?

თვალებით მიმითითებს ტახტზე, თედო ასვენია, ხელები გადაჯვარედინებული, თვალები დახუჭული, ვეხუტები, თბილი და რბილია, ჯერ სიკვდილს არ შთაუნთქავს მისი სხეული. მართლა მგონია, გამომეღვიძება და ეს ყველაფერი კოშმარული სიზმარი იქნება.

წამოვდექი, მაკას ვეძებ, გვერდზე სავარძელში ზის, თვალცრემლიანი, გაოგნებული, დაბნეული, თვალებში ვუყურებ, ხმას ვერ ვიღებ. ხმას ვერ ვიღებ ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება მას ნუგეში. ან როგორ ვანუგეშო, სისხლის სახეზე მაწვება, ბეჭში საშინელ ტკივილს ვგრძნობ... გარეთ გავრბივარ, კიბის უჯრედთან კლასელი მხვდება, არ ვიცი, როგორ გამოვიყურები.

- რა გჭირს, სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო, რამე ხო არ გინდა, ვალიდოლი?

ეზოში ჩამოვდივარ. არ არის კოშმარული სიზმარი, ყველაფერი რეალურია, დაგვტოვა თედომ...

თედოს მოადგილეს ვხვდები... თედოს მანქანასთან.

- მანქანაც არ დაუკეტავს, მგზავრის ფანჯარა ჩამოწეულია.

თამბაქოს ფერფლის კვალი ემჩნევა ჩაწეულ ფანჯარას და კარს. იმ დროს ყურადღება არ მიმიქცევია. მალე, პოლიციაში ყველა ხერხით შეეცდებიან, ჩემი მგზავრის ადგილზე ჯდომის აღიარების მოპოვებას.

მობილური მირეკავს, უცნობი ნომერია, ვპასუხობ, სახელს და გვარს მეუბნება, პოლიციაში, რაღაცის უფროსია.

- უნდა გამომყვეთ, ბოლოს თქვენ ნახეთ და მოწმის სახით, უბრალოდ გამოგკითხავთ, ბევრ დროს არ წაგართმევთ, მაქსიმუმ ნახევარი საათი, ბოდიშს გიხდით, აუცილებელია.

- რა თქმა უნდა, აქვე ეზოში ვარ, სადარბაზოსთან, აქ დაგელოდებით.

პოლიციაში

თედოს სადარბაზოდან გამოდის გამხდარი, მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცი, იღებს ჯიბიდან მობილურს. ვხვდები, მე მეძებს. ვეკითხები, აკაკი კობალაძეს ხომ არ ეძებდა. მეთანხმება და მთხოვს, რომ გავყვე პოლიციის განყოფილებაში.

ავტომობილში მობილური ურეკავს. ის უხსნის, რომ გვამის გაკვეთის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ოჯახიც წინააღმდეგია. შემდეგ, იმდენად ხმამაღლა ეუბნება ზარის ავტორი, რომ მეც ჩვეულებრივ მესმის:

- არ მაინტერესებს, გადაასვენებთ სამხარაულში და ჩაუტარებთ სრულ ექსპერტიზას.

პოლიციელი იძულებულია, დაეთანხმოს, მაგრამ აშკარად გაკვირვებულია მოთხოვნით.

შევდივართ ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში. მთხოვენ, მობილურის დატოვებას. ხმას ვუთიშავ და ჩემი ხელით მადებინებენ ე.წ. ლოქერების გვერდით მდებარე ჩვეულებრივ ტუმბოს უჯრაში და შევყავარ ოთახში, სადაც პოლიციელი წარმომიდგა. ისიც რაღაცის უფროსი, ზერელედ გამომკითხა თედოს ღამის სტუმრობა და შემდეგ მეკითხება, იყო თუ არა ეს გუშინ, გარდაცვლილთან ერთადერთი შეხვედრა. ვპასუხობ, რომ არა და რა კავშირშია ეს მის გარდაცვალებასთან. დაჟინებით მოითხოვს ამ შეხვედრის დეტალურ აღწერას.

მე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ, თვალზე ცრემლი არ მაშრება, ბეჭში, გულის მხარეს, ტკივილი მიძლიერდება. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ვიღაცეების ავადმყოფ, აშკარად შეშინებულ თავებში, ცაიტნოტში მომწიფებულ მუხანათურ გეგმას - სკანდალური ოლქის თავმჯდომარე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის ინფარქტით, დამნაშავეა ან ცესკოს ხელმძღვანელობა, ან ოპოზიცია.

სიმართლე გითხრათ, რომც მივმხვდარიყავი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში დღეის ჩათვლით, უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ყველაზე დიდი დარტყმა მივიღე, რაც ოდესმე მიმიღია და სხვა ყველაფერს, ჰორიზონტს მიღმა ტოვებდა. მეორე, დასამალი არასდროს არაფერი ჩამიდენია. მით უმეტეს, არ ჩამიდენია დანაშაული, რომლის გამხელაც საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავებისთვის არ შემეძლებოდა.

მოკლედ ვეუბნები, რომ შემძრა და გამაკვირვა გუშინ წინ, ტელევიზიით ნანახმა, კონკრეტულად თედოს (ისნის #5) ოლქში მომხდარმა ინციდენტმა, სადაც სუსის ე.წ. ოდეერი, ზაალ ზაალიშვილი, რომელიც კომბალივით იქნევდა თავსა და ხელ-ფეხს, პოლიციის ზურგს უკან ამოფარებული, ლაჩრულად უსწორდებოდა ოპოზიციის საოლქო დამკვირვებელს, შეცდომით მეგონა თედო, რაზეც მან მიპასუხა, რომ ზაალიშვილი იყო და შემდეგ, ღამის ორ საათზე სტუმრობისას, გადახვევის რეჟიმში, დამიმტკიცა კიდეც.

შემდეგ კაბინეტიდან გავყავარ ვიღაც პატარა გოგოსთან (გამომძიებელი), სადაც იგივეს მაყოლებენ. ამ გოგოს თვალებში აშკარად შიში იკითხებოდა, რაც მაშინ ჩემს თანაგრძნობად ჩავთვალე. მოგვიანებით, ეს პატარა გოგო, ბოძს ამოფარებული, ემალება ჩემს ადვოკატს, თამილა ქუთათელაძეს და ეს გოგო წამიყენებს ბრალს, ვინმე უფროს გამომძიებელ, დათუნასთან ერთად...

შემდეგ ავყავარ მეხუთე განყოფილების უფროსთან, გიორგი ფერხულთან. მხვდება 90-იანების გადმონაშთი, მილიციონერის გამომეტყველებით, მაყოლინებს გუშინდელი შეხვედრის ამბავს. არავის აინტერესებს ღამის შეხვედრა. ყველა შუადღის შეხვედრაზეა ჩაციკლული. კი მიკვირს, მაგრამ ჩემი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ ვაცნობიერებ, რომ შავის თეთრი ძაფით შეკერვა აქვთ დავალებული ზემოდან.

უცებ, კონტექსტიდან ამოვარდნილი, ტლანქი, გამაღიზიანებელი შეკითხვა, უფრო მითითება, ფერხულისგან:

- ხატია დეკანოიძემ დაგავალა?!

- ხატიას არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრილვარ, მით უმეტეს, პირისპირ, ვერაფერს დამავალებდა.

- კარგი, არაფერი შეგეშალოს.

გავყავარ ოთახიდან, ისევ პირველ სართულზე. კაბინეტში მხვდება ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წარმომიდგა როგორც გამომძიებელი, ლაშა ჯარელაშვილი. მამშვიდებს, მთავაზობს წყალს, მეუბნება, რომ შემიძლია ოთახში მოვწიო, ასევე მთავაზობს სასწრაფო დახმარების გამოძახებას, რაზეც უარს ვეუბნები. შემდეგ გადის ოთახიდან და შემოაქვს 2 ტაბლეტი „კორსიზი“, ვსვამ. ცოტა ხანში, ბეჭში ტკივილი მიმსუბუქდება. ამ დროს ოთახში შემოდის გრიგოლ ბესელია, ჩემი დიდი ხნის ნაცნობი, რომელთანაც კარგი, თბილი ურთერთობა მქონდა ყოველთვის. ჩემი, დიდგორის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას, ის წყნეთის განყოფილების უფროსი იყო. დღეს უკვე ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი. შემოდის შეწუხებული, თანამგრძნობი გამომეტყველებით. მუშტს მუშტზე ვარტყამთ.

- აკაკი, რა ხდება, შენს ძმობას ვფიცავარ, გარდაცვლილი ვინ არის შენი?

მოკლედ ვუყვები ამბავს. გადის.

ისევ შემოდის 90-იანების გადმონაშთი, ამხანაგი ფერხული, მილიციონერის ნაჯახისებრი გამომეტყველებით, ჯდება მაგიდასთან, ჩემს პირისპირ. მე გორგოლაჭებიანი სკამით უკან ვიწევი, კოვიდ-დისტანციას ვიცავ. მკვახედ მეუბნება (აშკარად არ იცის, ჩემი და თედოს მეგობრობის ამბავი):

- იცი, მიცვალებულმა ჩაგწერა.

- მიხარია, თუ ასეა. მოისმინეთ და ყველაფერს წერტილი დაესმება.

- გინდა მოგასმენინო?

- რა უნდა მომასმენინო, რაც მე და თედომ ვისაუბრეთ?

- სწორედ.

- არ მჭირდება, ყველაფერი კარგად მახსოვს. თვითონ მოუსმინეთ.

- მოვუსმინე, 50 ათას დოლარს ჰპირდები, თუ სამსახურიდან წამოვა. და ტელევიზიაში იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, კიდე მაყუთს დაუმატებ, თუ ამას ხუთიანზე შეასრულებს, ეს ხატიას დავალებით. და შემდეგ, კახა ოქრიაშვილთან დააწყებინებ მუშაობას კარგი ხელფასით. თუ არადა, დედას მ....თ, რომ მოხვალთ ხელისუფლებაში. გჯერა, ბიჭო, რომ დაბრუნდებით?!

მაგიდაზე გაშლილ ხელს აბრახუნებს, ბოლო სიტყვებს უკვე დუჟმორეული ღრიალებს. ამის მაიმუნობის ნერვები არ მაქვს. ჩემი სატკივარი მაქვს, თან მიხარია, რომ ჩანაწერი არ გაუკეთებია თედოს, ეს ხომ ხაზს გადაუსვამდა ჩვენს მეგობრობას, თან მწყინს, იმიტომ, რომ ამ საუბრის ერთადერთი მოწმე აღარ არსებობს და ამ ხელისუფლების ხელში მტკიცებას რა აზრი აქვს. ისე საუბრობენ, მგონი, თვითონვე სჯერათ თავისივე ცარიელ თავებში დაწერილი სცენარების.

- არ გაქვს ჩანაწერი და ჯობია, გახვიდე.

- მაქვს, მაქვს და არაფერი შეგეშალოს, ბიჭო, იცოდე.

ოთახს ტოვებს, მაგრამ ეგრევე ბესელია შემოდის „თანაგრძნობით“ აღსავსე და მთხოვს, რომ ხუსკივაძეს დავურეკო, ფორმალობაა, უბრალოდ უნდა გამოკითხონ.

ვურეკავ აკაკის, ვეუბნები დანაბარებს.

- მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან გაგცემთ პასუხებს.

- მაინც უნდა მოვიდეს, რომ იგივე დააფიქსიროს აქ, ოფიციალურად.

აკაკი მთანხმდება, ბესელია ტელეფონს მართმევს შესანახად. მოგვიანებით ვხვდები, რომ განბლოკილი ტელეფონი სხვა მიმართულებით წაიღო. შიგ რომ ჩამძვრალიყო, კანონის, მორალისა და ზნეობის დარღვევით.

კაბინეტში მე და გამომძიებელი, ლაშა ჯარელაშვილი ვრჩებით.

- რა იყო ის ვიგინდარული გამოხტომა (ფერხულზე მივუთითებ)?

- დაიკიდე რა, მოწმის სახით გკითხავთ, 15 წუთში დავწერთ და წახვალ.

ვყვები ისევ ისტორიას. გამომძიებელი, დრო და დრო, ვიღაცებს გაჰყავთ ოთახიდან, სხვა და სხვა მიზეზით. როგორც იქნა, ვამთავრებთ. ამობეჭდა. ხელის მოსაწერად მაწვდის. ვკითხულობ. თავშივე ვხვდები წინადადებებს, რომლებიც იმ ოთახში არც კი გაჟღერებულა, კითხვის სახითაც კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დავალებით“, „ხატია დეკანოიძის დავალებით“, „კახა ოქრიაშვილის დავალებით“. ერთის ამოღებას ვეუბნები, მეორეს ამატებს.

- ლაშა, რას აკეთებ, ეს მე გიპასუხე?

- კი, აბა, მე ხომ არ მოვიგონებდი

მპასუხობს უტიფრად. ჩასწორებას, რასაც ჰქვია, ვაძალებ.

- შენ არ მითხარი, რატომ უნდა ამოვიღო? შენი ნაკარნახევია. მოგვიანებით, როცა მობილიზებული წავიკითხავ, მაინც მხვდება, ვიღაც ავადმყოფის თავში შეკერილი ფრაზები, გაცილებით მსუბუქი, მაგრამ არა ნაკლებ ვერაგული ჩანაფიქრით. ჯარელაშვილთან ჩვენების შედგენის დროს, დროის დაზუსტების მიზნით, ჩემი მობილური დაგვჭირდა, ვერ ვიპოვე უჯრაში...

ისევ შემოდის ბესელია და ჩემთვის, მოწმის სტატუსით გამოკითხვის პოზიციაში მყოფისთვის, რომელსაც მეუბნებიან, რომ საპირფარეშოში ჯობია ბარემ გასვლის წინ, სულ რაღაც 15 წუთში შევიდე, მამცნობს, რომ გადაუდებელი საჭიროებით ჩატარდა ჩემი სახლის ჩხრეკა. საიდანღაც მიიყვანეს ჩემი სიდედრი კარის გასაღებად, არაფერი მნიშვნელოვანი იქ არ უპოვიათ, ფორმალობა მოითხოვდა კომპიუტერული ტექნიკის ამოღებას და გადააწყდნენ ერთ ამორტიზირებულ გაზის პისტოლეტს, რომელიც ჯერ ისედაც სისხლის სამართლის პასუხისგებას არ ითვალისწინებდა, თან ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არც და ვერც გაისროდა. ეს ყველაფერი უკვე ჩემი მეგობრის, პოლიციის შენობაში, ადვოკატის სტატუსით მყოფი დავით ჩომახიძის წინაშე ხდებოდა, რომელსაც გაუგია თედოს გარდაცვალება, ამის გამო ჩემი და ხუსკივაძის პოლიციაში დაბარება და ამბით გაოგნებულმა, გადაწყვიტა, თავისი ინიციატივით მოსულიყო პოლიციაში. ბესელიამ მთხოვა, რომ სიდედრისთვის მეთხოვა, ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერა, რადგან ის თავისი ნებით და არც თუ უსაფუძვლოდ, არ აწერდა ხელს.

მობილური ტელეფონი არ ვიცოდი, სად იყო. რაც გრიგოლს ვუთხარი, პასუხად მითხრა“

- უჯრაში ჩავდე, შენს ძმობას ვფიცავარ, ალბათ კარგად ვერ ნახე.

მობილური აპარატი უჯრის სიღრმეში შეეგდო.

დავურეკე სიდედრს. ვუთხარი სათქმელი, რაზეც მიპასუხა, რომ არ იცოდა, რა ამოიღეს, სად ამოიღეს, რადგან ოთახში არც კი შეუშვიათ. ბესელიას მსგავსი „კლოუნობის“ მოლოდინი არ მქონდა და მაინც ვთხოვე, მოეწერა ხელი.

ტელეფონის გათიშვისთანავე, ყველაფერი წამში შეიცვალა, გაქრნენ თავაზიანი, ზრდილობიანი პოლიციელები, მკლავში ხელმოჭერილი შემიყვანეს ოთახში. საერთო დარბაზში გაისმა ღრიალის ხმა, „შედი, ბიჭო და დაეგდე მანდ“. აკაკი ხუსკივაძის ხმა „რატომ მირტყამ, მოვდივარ“. შემოდის ადვოკატი, თამილა ქუთათელაძე, რომელიც მეუბნება, რომ ჩვენება არ მივცე, მაგრამ უკვე გვიანია, ჩვენებასაც არ აძლევენ წასაკითხად. ეძებს უფროს გამომძიებელს, რომელიც მოგვიანებით ის დაბნეული, შეშინებული, ბოძს ამოფარებული გოგო აღმოჩნდება. ქალბატონ თამილას ვიღაც პოლიციელი ეუბნება, რომ „რა გამომძიებელი, ჯონდია ბაღათურია“. ამას მოჰყვება ლანძღვა-გინება და მუჯლუგუნები აკაკი ხუსკივაძის მისამართით...

ოთახში შემოდის ჩემი „გულშემატკივარი“ ბესელია და ჩვენს შორის იმართება დიალოგი:

- რა ხდება, დამაკავებთ?

- არ ვიცი, შენს ძმობას ვფიცავარ, თუ ვიცოდე.

- მაინც, რას ფიქრობ, საით მიდის საქმე?

- მართლა არ ვიცი, შენს ძმობას ვფიცავარ, ასეთი საქმე თუ როდესმე მქონოდეს.

„თანაგრძნობით“ მიყურებს და გადის. ჯერ არც ჩადებულ 24 AKM-ის ტყვიაზე ვიცი რამე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, სასწაულებრივად 1943 წელს გამოუშვია CCCP-ს.

გადის ბესელია, შემოდიან სრული ფორმის დაცვით შსს-ს თანამშრომლები, ხელბორკილებითა და ფოტოაპარატით, მართმევენ ქამარს, ზონრებს, მადებენ ხელბორკილებს, მიღებენ სურათებს. მესმის, სავარაუდოდ, ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა, „გარეთ ბევრი ჟურნალისტია, სასწრაფოდ მანქანაში, სასწრაფოდ!“

მკლავზე მაგრად მკიდებენ ხელს, ერთი უკან მიდგება, ხელს მადებს კისერზე და თითქმის სირბილით გავყავართ.

კიბესთან, ეზოში, შეკრებილია ხალხი, მხოლოდ მეგობრებს, მირზას და ნიკას ვცნობ, კამერების განათება თვალს მჭრის. ისმის ჟურნალისტების კითხვა:

- რატომ დაგაკავეს?

- არჩევნების ტოტალური, სისტემური გაყალბების დეტალური მხილება ვერ გვაპატიეს!

ჯერ კიდევ გუშინ, 6 ნოემბერს, 19 საათზე, მე და აკაკი ხუსკივაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „დღის სტუმარში“, პირდაპირ ეთერში, ჩვენს მიერ შემუშავებულ დეტალურ ანალიზს ვაკეთებდით - „არჩევნების გაყალბების 13 მექანიზმი“ თავისი ფაქტებითა და არგუმენტებით. სწორედ ეს ვერ გვაპატია ცესკომ და პარტია „ბიძინა ივანიშვილმა“.

გამოცხადებული დაპატიმრების ქრონიკა

ვინც მიცნობს, იცის, არასდროს ჩამიდენია დანაშაული და უსამართლობა. ჩემი ხელით გავაბათილე კრწანისის #3 ოლქში, ორი საარჩევნო უბანი, სადაც აზერბაიჯანული წარმოშობის ამომრჩევლები იყვნენ 100%. მათ უცოდინრობითა და „რომის პაპზე მეტი კათოლიკობის“ დასამტკიცებლად, ტოტალური კონტროლი და ბაკხანალია ჰქონდათ მოწყობილი 2008 წელს, ოლქში ჩემი თავმჯდომარეობის დროს. მაშინდელ „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არანაირი კონკრეტული მტკიცებულებაც კი არ ჰქონდათ, მაგრამ სურათი ნათელი იყო. ხმების ასივე პროცენტი მმართველ პარტიას ეკუთვნოდა. გაერთიანებული ოპოზიციის საოლქო კომისიის წევრებიც კი გაკვირვებულები იყვნენ ჩემი არამარტო გადაწყვეტილებით, არამედ ინიციატივით, რომელიც უშუალოდ ჩემგან მოდიოდა.

ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში ყოფნისას, პარტია „ბიძინა ივანიშვილის“ გამსვლელ სიაში მყოფმა პირმა, დააანონსა ჩვენი დაპატიმრება, რომლის დაკვეთაც, მოგვიანებით, დაახლოებით 5 საათის შემდეგ შეასრულა „პოლიტიკურმა პოლიციამ“.

ასევე პირველ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 6 საათისთვის დაიწყო და 10 საათზე დამთავრდა, რა თქმა უნდა, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მოსჯით, შესვენებისას გავიგეთ, რომ პარტია „ივანიშვილის“ ჯიბის ტელევიზია „იმედს“ 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, უკვე გამოუცხადებია ჩვენთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება...

გაფრთხილებთ, არ ჩაიდინოთ უკანონობა და სიყალბე. მოტყუებული და გადაგდებული ხალხის რისხვა, არავის ასცდება. ამ საპნის ოპერის ფინალი დღესავით ნათელია. გამაგრდით, ძალიან მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და თავისი სახელი დაერქმევა.

ბრალდებულების ადვოკატის რამდენიმე განმარტება

პირველ რიგში, დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ ბრალდებულები დაკავებულები არიან, მხოლოდ და მხოლოდ, ირიბი ჩვენებების საფუძველზე. მათი განცხადებით, კანონის მოთხოვნაა, რომ ირიბი ჩვენების მიმცემმა დაასახელოს წყარო, რათა წყაროსთან იქნას გადამოწმებული ჩვენება. თუმცა, ირიბი მოწმეების ჩვენებების წყაროსთან გადამოწმების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში, არ არსებობს, რადგან თედორე გობეჯიშვილი გარდაცვლილია.

ადვოკატებისთვის უსაფუძვლო მტკიცებულებაა რამდენიმე დღის წინ, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული კობალაძე-ხუსკივაძის სატელეფონი მიმოწერაც, სადაც ადვოკატების თქმით, მეგობრები ერთმანეთში ხუმრობენ. პროკურატურის განცხადებით კი ეს მიმოწერა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ.

შოთა თუთბერიძე, დაკავებულების ადვოკატი, რადიო თავისუფლებას, აკაკი კობალაძის წერილის შინაარსის რამდენიმე დეტალსაც განუმარტავს. მათ შორის იმ ფაქტს, თუ რატომ მოექცა სამართალდამცავების ინტერესის სფეროში თედორე გობეჯიშვილისა და აკაკი კობალაძის 6 ნოემბრის დღის საათებში შემდგარი შეხვედრით და არა ღამის შეხვედრა, როდესაც თედორე აკაკი კობალაძის ოჯახში, მეგობრულ სუფრაზე, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა და სახლში მეორე დილით, 7 ნოემბერს მივიდა:

„გამოძიებამ რამენაირად უნდა გაამართლოს ირიბი მოწმის, გობეჯიშვილის თანაშემწის, ზაალ ზაალიშვილის ჩვენება, რომლის თანახმადაც, თედორე მას 6 ნოემბერს, დღის საათებში დაუკავშირდა და უთხრა, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ემუქრებოდნენ. არადა, ეს ჩვენება ხომ იმთავითვე აბსურდია. რა გამოდის, რომ თედორე ღამით მიდის იმ ადამიანის სახლში, რომელიც მას რამდენიმე საათით ადრე ანგარიშსწორებით ემუქრება და მის ოჯახში, სუფრაზე ატარებს დროს? კი, აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე და თედო გობეჯიშვილი ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს 6 ნოემბერს, დღის საათებში. მაგრამ სრულიად სხვა მიზეზით. წინა დღით გავრცელდა კადრები, სადაც საარჩევნო ოლქთან, თედორე გობეჯიშვილის მსგავსი ადამიანი, მონაწილეობდა შეხლა-შემოხლაში და სცემდა ახალგაზრდებს. 6 ნოემბერს, აკაკი კობალაძე, აკაკი ხუსკივაძე და თედორე გობეჯიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ თედორეს დეიდის სახლში, სადაც, თედორემ განაწყენებულ მეგობრებს აუხსნა, რომ სატელევიზიო კადრებში ნანახი პირი ის არ იყო, კადრები ხელახლა ნახეს და უთხრა, რომ მოძალადე პირი, მას მხოლოდ ფიზიკურად ჰგავდა. ზოგადად, მეგობრებს შორის საუბარი, რომ არჩევნების გაყალბების პროცესისგან დისტანცირება და საშიში პროცესებისგან გარიდება, კარგი სვლა იქნებოდა, ხშირი იყო და ისინი, ამ საკითხს, განიხილავდნენ ხოლმე როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვადასხვა სამეგობრო თუ პროფესიულ წრეებში, ისევე, როგორც, ალბათ ყველა პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე. მეგობრები არა მხოლოდ 6 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს, ისინი წინა დღეებშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ჰქონდათ ე.წ. პარასკევის ტრადიციაც და ა.შ. ამ ახლო მეგობრობის შესახებ არ იცოდა გამოძიებამ და ამიტომ აღმოჩნდნენ ასეთ გაუგებარ სიტუაციაში“.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც შოთა თუთბერიძე ყურადღებას ამახვილებს, ეს არის იმ პირების გამოკითხვის აუცილებლობა, რომელთა შესახებაც საქმეში არსებულ ოქმებში ვკითხულობთ, თუმცა, ისინი გამოძიებას გამოკითხული არ ჰყავს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მოითხოვს ამ პირების სასამართლოზე გამოკითხვას:

„მოწმეების მიერ ნახსენები ხატია დეკანოიძე, რომ თითქოს მის მიერ დგებოდა დასაჭერთა სიები და ა.შ. არ არის გამოკითხული. ჩვენ, დაცვის მხარეს, დეკანოიძე დასაკითხ პირთა სიაში გვყავს და არ გამოვრიცხავთ, რომ მას პროცესზე მოწმის სტატუსით გამოვკითხავთ. ჩვენ წინასწარი გამოკითხვა მასთან უკვე ჩავატარეთ, თუმცა, გვინდა, რომ სასამართლოშიც გამოვკითხოთ“.

როგორც ბრალდებულები, ისე ადვოკატები და მათი ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე იმ მამხილებელი ინფორმაციის გავრცელების გამო დააკავა, რომლის შესახებაც მათ 6 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრეს. აკაკი ხუსკივაძემ, ცესკო-ს სწავლების ყოფილმა სპეციალისტმა და აკაკი კობალაძემ, პოლიტოლოგმა და 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, სატელევიზიო ეთერში იმ ხარვეზებსა და დარღვევებზე ილაპარაკეს, რომლებიც მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირდა.

აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდა. 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე.

XS
SM
MD
LG