Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს "არსებით პაკეტს" სამი პროგრამა დაემატა


ნატო-საქართველოს “არსებითი პაკეტის” განახლებული ვერსიით, 14 პროგრამისგან შემდგარ პაკეტს კიდევ სამი პროგრამა დაემატა და კომპონენტები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამის შესახებ თბილისში დღეს, 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, „არსებითი პაკეტი“ დიდწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ქვეყანას აახლოვებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან: „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლების გადაწყვეტილება 2 დეკემბერს მიიღეს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ-კონფერენციის ფორმატით ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.

მან სხდომის შემდეგ თქვა, რომ განახლებული პაკეტი მოიცავს მნიშვნელოვან ელემენტებს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და წვრთნისა და შეფასების ცენტრის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“ 2014 წელს, უელსის სამიტზე მიიღეს. სამიტის დეკლარაციის თანახმად, „არსებითი პაკეტი“ განავითარებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და დაეხმარება ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში. „არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთი შედეგია საქართველოში მოქმედი, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრი.

3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ ნატოს მინისტერიალზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეს გზა მოიცავს რეფორმებს როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების სფეროებში.

ზალკალიანის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო მიწვეულია ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

XS
SM
MD
LG