საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მძიმე პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილები არის. ამის დასტურად მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა მედიასაშუალებებს.
"ყველაზე მეტად დატვირთულია თბილისის საწოლფონდი. პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემა არ არის, რომ მძიმე პაციენტები კლინიკაში ვერ მოხვდნენ. კლინიკები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით", - თქვა მან.
მისი თქმით, ქვეყნის მაშტაბით 7 103 საწოლია მობილიზებული. აქედან დატვირთულია 6 329 (დილის 9 საათის მონაცემებით). დატვირთული საწოლებიდან 255 პაციენტი ტრიაჟის / შეფასების პროცესშია. გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში 538 თავისუფალი საწოლია.
დილის მონაცემებით, ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.