საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახს და ამბობს, რომ საკითხი პირად კონტროლზე აჰყავს. გოგო კოვიდინფიცირებული იყო და როგორც ოჯახი ამბობს, დაგვიანებული სამედიცინო ჩარევის გამო გარდაიცვალა.
"პირველ რიგში, მე დავიწყებ სამძიმრით. მივუსამძიმრებ თეკლას ოჯახს, მთელ საქართველოს. ნამდვილად ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ვერ დავტოვებდით ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტომ მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა... ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ნამდვილად გაეცემა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელსაც საზოგადოება ელის და პასუხები პირველ რიგში, მესაჭიროება მე იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები".
მისი თქმით, რატომ დააყოვნეს დიაბეტის მქონე 19 წლის გოგო და არ დატოვეს კლინიკაში ამ კითხვებზე პასუხსაც მიიღებს საზოგადოება :
"პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე პასუხებს მივაწვდით საზოგადოებას... პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე ყველა ინფორმაციის კვლევა დაწყებულია".
გერმანულ ჰოსპიტალში 29 ნოემბერს 19 წლის კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციამდე ის კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა და გერმანულ ჰოსპიტალში 24 ნოემბერს გადაიყვანეს.
"პაციენტი გერმანულ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს, 21:00 საათზე შემოიყვანეს. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო აყვანილი, დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება.
კრიტიკული მდგომარეობის გამო, გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. 29 ნოემბერს დაფიქსირდა სიკვდილი", – ასე განმარტა პაციენტის მდგომარეობა გერმანული ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ეკატერინე ლორიამ. მისივე ვარაუდით, მდგომარეობის დამძიმების მიზეზი შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობა იყოს.